Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მნიშვნელოვანია დროული რეაგირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს.

პაპუაშვილის თქმით, „მაშინ, როცა საქართველოს საზოგადოებას სურს, ქორწინება ან მსგავსი ურთიერთობა იყოს დაშვებული მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ მსგავსი კავშირების სამართლებრივი აღიარება“.

„სამწუხაროა, რომ გარკვეულ შეფასებებს ვხედავთ, რომელიც აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, მათ შორის იმ რისკების დაზღვევასთან, პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია კანონპროექტი. საპირისპირო რეკომენდაციებია, რომლებიც გულისხმობს არათუ პროპაგანდის წახალისებას, არამედ იმ საკითხების დაკანონებას, რომლის შეზღუდვაზეც იყო საუბარი.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში რამდენიმე ადგილას სწორედ ის სახიფათო ტენდენციებია, რომლებზეც არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ხოლმე. მაგალითად, ვციტირებ: ინდივიდებს, მათ შორის ბავშვებს უფლება აქვთ თვითიდენტიფიცირებისა არა მხოლოდ დაბადების სქესის, არამედ გენდერის მიხედვით. გარდა ამისა, ვენეციის კომისია ამბობს: გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, არასრულწლოვნებს შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაციის აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, განსაკუთრებით თუ ეს არასრულწლოვნები ლგბტ აქტივისტები არიან. ასეთი მიდგომა ჩანს ვენეციის კომისიის დასკვნიდან. რიგ შემთხვევებში, არ ეფუძნება სამართლებრივ მოსაზრებებს, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელიც შეიძლება, არსებობდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ამიტომ ასეთი პოზიციები დასანანია.

საყოველთაო სახალხო განხილვის დროს გარკვეულ საკითხებზე მოგვყავდა ხოლმე მაგალითები, როგორ ხდება დამატებითი გენდერის თუ სქესის შემოღების ტენდენცია, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებშიც რომ არის წინააღმდეგობა გაწეული და ეს წარმოადგენს პრობლემას, გამოწვევას სხვა საზოგადოებებშიც. კონსტიტუცურად, მათ შორის კანონშიც გაწერილია, რომ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში მხოლოდ ქალის ან მამაკაცის მითითება იქნება შესაძლებელი მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს თავისი არჩევანით უნდა შეეძლოს პირადობის მოწმობაში ჩაიწეროს, ის არის ქალი თუ მამაკაცი – ყოველგვარი რაიმე სქესის შეცვლის თუ რაღაც ჩარევების გარეშე ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს სქესის არჩევა, თავისი ნების გამოხატვა. ასეთი რეკომენდაციები არის ვენეციის კომისიის მოსაზრებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩი“ ესწრება, ნიშნავს, რომ „არ ჰყოფნით გამბედაობა, ამ საკითხზე იმსჯელონ“.

„ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წარმომადგენლები ესწრებიან სხდომას, სხვები არა. ნიშანდობლივია, რადგან კომისიის შემადგენლობაში გახლდათ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი და განხილვების დროს გარკვეულწილად მხარს უჭერდა, თუმცა, როგორც ჩანს, შემდეგ სხვანაირი მითითება მიიღეს და განხილვასაც აღარ ესწრებიან. მართალია, არა შალვა კერესელიძემ, ვინც კომისიის წევრი იყო, მაგრამ მისმა თანაპარტიელებმა საჯარო განცხადებებში პროექტთან დაკავშირებით აბსოლუტურად საპირისპირო პოზიციები დააფიქსირეს. სამწუხაროა, რომ იმის გამბედაობაც არ ჰყოფნით, საკითხზე იმსჯელონ, მათ შორის საკუთარი ამომრჩვლების ინტერესებიდან გამომდინარე. იმდენად არიან დამოკიდებული, რა ბრიფინგი ჩატარდება საქართველოს საზღვრის გარეთ, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, „ტვიტერზე“ ვინ რას დაწერს, ვის მონიშნავს, რა კომენტარს გააკეთებს, რომ ამ თემებზე საჯარო მსჯელობისაც ეშინიათ. 17-მა მაისმა სახალხო რეფერენდუმით დაადასტურა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ და ოპოზიციის ერთი ჯგუფის გარდა, ვგულისხმობ „გირჩს“, სხვა წევრებს ეშინიათ მსჯელობის, რადგან იყურებიან გარეთ, რას ეტყვიან მათი მფარველები თუ მათი საარჩევნო კამპანიის დამგეგმავი პოლიტიკური ჯგუფები.

საყოველთაო სახალხო განხილვების დროსაც მოყვანილი იყო კონკრეტული მაგალითები იმის შესახებ, რომ არათუ თეორიული რისკები, არამედ უკვე პრაქტიკაშია გარკვეული საკითხები, მაგალითად, სქესის მითითებასთან დაკავშირებით, ასევე გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენების ტენდენციის თუ კულტურის დამკვიდრების მცდელობები. როცა საუბარია, რამდენად აქტუალურია საკითხი საქართველოს რეალობისთვის, საყოველთაო სახალხო განხილვის დროს ერთ-ერთ მაგალითად მოგვყავდა ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი – 2017 წელს, როცა განიხილებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია იყო, რომ არ არის რელევანტური, კანონში ხომ ისედაც არის მოწესრიგებულიო, სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი იყო. მაშინაც კომისიას ჰქონდა პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო გარანტიების შემუშავება, რათა შემდეგ კანონის მარტივად შეცვლით არ მომხდარიყო ეთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება. გავიდა სულ რაღაც შვიდი წელი და დღეს ვნახეთ რეკომენდაცია, რომელიც იმას გვეუბნება, რაც თურმე თეორიული ყოფილა და არანაირი პრაქტიკული რისკი, გამოწვევა ამ მხრივ არ არსებობდა. დღეს პირდაპირ ვხედავთ, მოგვიწოდებენ, რომ მოხდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება, ნელ-ნელა არის მცდელობა, ფეხი მოიკიდოს ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ დროული რეაგირება მნიშვნელოვანია“, – განაცხად შალვა პაპუაშვილმა.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, კანონპროექტში შეიტანოს იმგვარი ცვლილება, რაც ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივ აღიარებას დასაშვებს გახდის.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები