საქართველოს ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ყირგიზ კოლეგებს საოპერაციო რისკების, ინციდენტების, ბიზნესის უწყვეტობის მართვისა და შიდა პროცესებისა და პროცედურების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველმა კუბანიჩბეკ ბოკონტაიევმა, ხაზი გაუსვა ქართული მხარის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის.
“ვაფასებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას. სებ-ის თანამშრომელთა ღრმა ცოდნა და დიდი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის საოპერაციო რისკების მართვის განვითარებასა და გაუმჯობესებას”, – აღნიშნა კუბანჩიკ ბოკონტაიევმა.
თავის მხრივ, სებ-ის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მსგავს პრაქტიკას ეროვნულ ბანკში ინტენსიური ხასიათი აქვს და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სებ-ის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს გამოცდილებას უზიარებენ.
“საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით სხვა ცენტრალურ ბანკებს გამოცდილებას ხშირად ვუზიარებთ. ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულმა 3-დღიანმა ვებინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს ყირგიზ კოლეგებში”, – განაცხადა მარიამ მანჯგალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, პერიოდულად მონაწილეობენ IMF-ის ტექნიკური დახმარებების მისიებში, რომლის დროსაც ფასდება სხვა ცენტრალური ბანკების საოპერაციო რისკები და გაიცემა რეკომენდაციები.