იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა.
კანდიდატების მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ და ასევე, არასაპარლამენტო სუბიექტების – ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა გასაუბრების პროცესში შეკითხვებს უპასუხეს, მათ შორის: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ საქმეებზე, სასამართლოს სისტემის გამოწვევებზე, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობაზე, 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და სასამართლო ხელისუფლების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატი მოქმედი მოსამართლეა.
კანდიდატების მოსმენის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ტრადიციულად არის გახსნილი და გამჭვირვალე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. დაინტერსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, თუმცა სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს, მათ ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამივე კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის აღნიშნულ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე, კენჭს უყრიან.