Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა.

კალაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელებული ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზანშეწონილობით.

„არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის განცხადებას, თითქოს მოქმედი ხელისუფლება გეგმავს რეპრესიებს მედიის მიმართ. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მოქმედი ხელისუფლება იმავეს იკადრებს, რასაც თავად სჩადიოდნენ.

„ყველა ადამიანი ისე ფიქრობს, რისი გამკეთებელიც თავად არის. აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, რისი გამკეთებელიც იყო, ახლაც იმავეს ფიქრობს და საუბრობს. გვახსოვს, რით იყო დაკავებული – რეპრესიებით, განსხვავებული აზრის დევნით, პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისა და მათ ოჯახებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობით. გვახსოვს, რამდენი ადამიანი იყო არაკანონიერად დაპატიმრებული და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მედიასთან. სააკაშვილი სწორედ იმას ფიქრობს, რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმავეს მკადრებლები არიან.

ეს არის მათი უბედურება და ვერ ხვდებიან, რომ დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებლებზე. ევროინტეგრაციის თვალსაზრისითაც, თუ რაიმე წარმატებას მიაღწია საქართველომ, ეს ყველაფერი 2012 წლის შემდგომ პერიოდს და „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები