გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 1:3 დათმეს.
თამაშის პირველი ტაიმი ფრედ – 1:1 დასრულდა. ანგარიში მერთ მიულდიურიმ 25-ე წუთზე გახსნა, 32-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში თურქეთის ნაკრები 65-ე წუთზე არდა გიულერიმ დააწინაურა, მესამე გოლი კი თამაშის მიწურულს ქერემ აკტურკოღლუმ ღია კარში გაიტანა.
ისტორიულ მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალმოე ზურაბიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის; თავდაცვის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრები, თბილისის მერი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გუნდი „F” ჯგუფში ასპარეზობს და მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს ჩეხეთთან, 26 ივნისს კი პორტუგალიასთან გამართავს.