Wednesday, April 2, 2025
12.8 C
Tbilisi

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, დაიწყოს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, დაიწყოს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ განაცხადა.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ევროკომისია მიიჩნევს, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისაღებია და მათ უნდა დაამტკიცონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო. როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეროგატივაა, მოიწვიოს სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რათა ფორმალურად დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა ევროკომისიაში გამართულ ბრიფინგზე ანა პიზონერომ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინის შემთხვევაში, შესრულებული კრიტერიუმები მოიცავდა კორუფციასთან საბრძოლველად საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, ოლიგარქიის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმის ფარგლებში პოლიტიკური ლობიზმის შესახებ კონტროლის გამკაცრებას, თანამდებობის პირთა ქონების გამჭვირვალობისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. მოლდოვის შემთხვევაში კი შესრულებულ კრიტერიუმებს შორის დასახელებული იყო ე.წ. ვეტინგის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ასევე ახალი გენერალური პროკურორის შერჩევა, რაც, ევროკომისიის შეფასებით, გამჭვირვალე და დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი იყო, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმირებისთვის გადადგმული ნაბიჯები, დეოლიგარქიზაციის კუთხით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები