შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრა.
როგორც მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით, ხოლო C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით.
„საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია სამი წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა). მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში მოცემულია ინფორმაცია იმ მართვის მოწმობების შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან გამოცვლას.
„2006 წლის პირველ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილს ამოეწურათ. მათი შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. შესაცვლელად საჭიროა, პირმა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოქმედი მართვის მოწმობა.
2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა 2019 წლის პირველ მარტს ამოეწურათ.
2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის პირველ სექტემბრამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მოქალაქეებში დაბნეულობა და გაურკვევლობა წარმოშვა. მოქალაქეებმა სააგენტოს “ფეისბუქის” გვერდს სხვადასხვა შეკითხვით მიმართეს, რაზეც განმარტებები მიიღეს.
GUARDIANGE გთავაზობთ მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ პასუხებს.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: როდის ამოქმედდა ეს ცვლილება?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: გაცნობებთ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილება 2014 წლის 1-ელი მარტიდან შევიდა, რომლის საფუძველზეც მართვის მოწმობებზე კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით მოქმედების ვადები განისაზღვრა.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: განახლების ფასი რა არის?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: გაცნობებთ, რომ მართვის მოწმობის შეცვლის საფასური არის 15 ლარი.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: 2009-ში მაქვს განახლებული, 2028 წლამდე თავისუფალი ვარ?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: გაცნობებთ, რომ 2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა აქვთ 2028 წლის 1-ელ სექტემბრამდე.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: ვადა რომ გაუვა რამე გამოცდაა ჩასაბარებელი?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: მოწმობის შესაცვლელად საჭიროა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაცვლელი მართვის მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: 5 წელში რატომ უნდა ვცვალოთ მართვის მოწმობა, იქნებ აგვიხსნათ?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: გაცნობებთ, რომ კატეგორიებიდან გამომდინარე, საჭიროა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მართვის უფლების მფლობელმა მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზნით წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: 5 წლის შემდეგ რა ხდება? როგორ ვაგრძელებთ?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ საჭიროა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაცვლელი მართვის მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: 2022 ავიღე მართვის მოწმობა რომელ წლამდე აქვს ვადა, 2037-ამდე?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ 2022 წელს აიღეთ მართვის მოწმობა, მაშინ მოქმედების ვადა მითითებულია დოკუმენტზე, კატეგორიის გასწვრივ.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: დოკუმენტზე რომელზედაც ვადა არ არის მითითებული მაგ შემთხვევაში რა ხდება?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: გაცნობებთ, რომ 2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1-ელ სექტემბრამდე.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: 2028 წლამდე თუ არის შესაძლებელი დოკუმენტის განახლება?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: თუ მოწმობის შეცვლის სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მოქმედების ვადის ამოწურვამდეც შეცვალოთ. მართვის მოწმობის შესაცვლელად საჭიროა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაცვლელი მართვის მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა: საზღვარგარეთის მოწმობას თუ ცვლით?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს პასუხი: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის წესი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://sa.gov.ge/…/driver…/change-recovery/nonresident