Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

ეროვნული ბანკი ახალ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა – მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

მორიგი კვლევითი ნაშრომი – კოვიდ-19 და 3-ვარსკვლავიანი მოხმარების ფუნქციის აღდგენა აშშ-ში” ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუგლას ლაქსტონსა (სებ-ის მრჩეველი) და ჯარედ ლაქსტონთან (მაკროეკონომიკური პოლიტიკის მოდელირების ეკონომისტი) ერთად მოამზადეს. კვლევითი ნაშრომი ძირითადად მოხმარების დინამიკაზეა ფოკუსირებული, რომელიც აშშ-ს მაკროეკონომიკური გარემოს განვითარების ტენდენციებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, მოხმარება აშშ-ში კვლავ ძლიერ დონეზე ნარჩუნდება, რასაც, მეტწილად, შინამეურნეობების საბალანსო უწყისების ძლიერი პოზიცია და საფონდო ბაზრებზე მკვეთრად გაზრდილი აქტივების ფასები განაპირობებს. ასევე, კვლევითი ნაშრომი მიმოიხილავს აშშ-ს პოტენციურ მაკრო-ფინანსურ რისკებს და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების, ოლივიე ბლანშარისა და ლარი სამერსის, შეხედულებებზე დაყრდნობით, აანალიზებს თუ რამდენად მკაცრია მონეტარული პოლიტიკის პოზიცია აშშ-ში არსებული ძლიერი მოხმარების ნორმალიზებისთვის. თუ როგორ განვითარდება აშშ-ში მოვლენები ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პოსტ-პანდემიური პერიოდის გლობალურ ეკონომიკურ გარემოს და, შესაბამისად, აისახება საქართველოზეც, როგორც მცირე, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე. აქვე, ავტორებს სურთ ღრმა მადლიერება გამოხატონ  ოლივიე ბლანშარის მიმართ კვლევით ნაშრომთან დაკავშირებით მისი ღირებული კომენტარებისა და შეხედულებების გაზიარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ავტორთა მიზანს ასევე წარმოადგენს მოცემული თემატიკის გარშემო არსებულ გლობალურ დებატებში თავიანთი წვლილის შეტანა და მასთან დაკავშირებით სხვა ეკონომისტების შეხედულებების მოსმენა. კვლევითი ნაშრომის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები