Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

სტოლტენბერგმა არაფრად ჩააგდო პუტინის გაფრთხილება, რომ უკრაინის მიერ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებამ შესაძლოა, ესკალაცია გამოიწვიოს

GUARDIANGE – ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა არაფრად ჩააგდო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილება, რომ უკრაინის მიერ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოყენებაზე ნების დართვამ, შესაძლოა, ესკალაცია გამოიწვიოს.

პრაღაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, 31 მაისს საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს მსგავსი გაფრთხილებები მანამდეც არაერთხელ მოუსმენია და თავდაცვა არ არის ესკალაცია.

„აქ ახალი არაფერია. უკვე დიდი ხანია, როდესაც ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, პრეზიდენტი პუტინი ცდილობს დაგვემუქროს, რომ ეს არ გავაკეთოთ. რაც ეხება ესკალაციას – რა შეიძლება რომ ითქვას – რუსეთმა ესკალაცია თავად მოახდინა სხვა ქვეყანაში შეჭრით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მას შემდეგ, რაც უკრაინის რამდენიმე მოკავშირემ კიევისთვის გადაცემული იარაღის  გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 28 მაისს გააფრთხილა ნატო-ს წევრები, რომ უკრაინას ალიანსის  მიერ გადაცემული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება არ მისცენ და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ბირთვული ომის რისკის თაობაზე.

მკვეთრად შეცვლილი პოლიტიკის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრაღაში დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ნება დართო უკრაინას გამოიყენოს აშშ-ის იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ სამიზნეებზე იერიშის მისატანად, საიდანაც თავს ესხმიან უკრაინის ქალაქ ხარკოვს.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ სტრატეგიის შეცვლა და ამგვარი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა მოსკოვის მხრიდან ხარკოვზე დარტყმებმა განაპირობა.

ხარკოვი, უკრაინის მეორე უდიდესი ქალაქი, რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული.

რუსული საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვისგან მიუწვდომელ ადგილას დაფრინავდნენ, მაღალი სიზუსტის ბომბების დაშვებით უზრუნველყოფდნენ შეტევას უკრაინის თავდაცვის ხაზებსა და ხარკოვზე, რასაც დიდი სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინას აქვს უფლება დარტყმა მიაყენოს ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებს რუსეთის შიგნით, მით უმეტეს, რომ საზღვარი და ფრონტის ხაზი ხარკოვის მახლობლად მეტ-ნაკლებად ერთნაირი იყო და არ იქნებოდა მიზანშეწონილი იმის ვარაუდი, რომ კიევს არ უნდა მიეყენებინა საპასუხო დარტყმები.

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ გვაქვს უფლება დავეხმაროთ უკრაინას თვითდაცვის უფლების დაცვაში და ეს არ ნიშნავს, რომ ნატოს მოკავშირეები კონფლიქტის მონაწილეები არიან“, – დასძინა მან და დაამატა: „ეს ასე იყო 2022 წლის თებერვალში, ასე იყო გასულ წელს და ასე რჩება ახლაც“.

31 მაისს, ბერლინში, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შეუძლია გამოიყენოს ბერლინის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი ხარკოვის სასაზღვრო რეგიონზე რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმებისგან.

პრაღაში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა ხაზი გაუსვა უკრაინის უფლებას თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენებაზე – გეოგრაფიული შეზღუდვების დაწესების გარეშე.

მაგრამ სხვა მოკავშირეები, როგორიცაა მაგალითად იტალია, ასე შორს წასვლაზე უარს აცხადებენ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ მის ქვეყანას კონსტიტუციით ეკრძალება კიევისთვის ნების დართვა, რომ დონორული იარაღი უკრაინის გარეთ გამოიყენოს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოუწოდა ასეთ მოკავშირეებს, შეცვალონ თავიანთი პოზიცია, რადგან „მოვა დრო, როდესაც გამოიკვეთება, ვართ თუ არა ჩვენ, როგორც ალიანსი, სერიოზულები … დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში გამარჯვებისთვის“.

„მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უკრაინელებს აბსოლუტურად შეუძლიათ სამიზნეების განსაზღვრა. მე სრულად დარწმუნებული ვარ, რომ მათ იციან და ესმით, რა არის საჭირო, საიდან მოდის საფრთხე“, – განუცხადა ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს.

იგივე პოზიცია გამოხატა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ვარშავას არასდროს დაუწესებია ასეთი შეზღუდვები.

„ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას, ვუსურვებთ მათ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას… უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი ჰუმანიტარული სამართლის წესების შესაბამისად“, – თქვა სიკორსკიმ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები