პაატა კუნჭულია ოზურგეთის მერის თანამდებობას ტოვებს და გულდაწყვეტილია, რომ სათანადო მხარდაჭერა და თანადგომა ვერ იგრძნო

პაატა კუნჭულიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაატა კუნჭულია აცხადებს, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტის წარმატებით განხორიელების ფონზე, მან სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა „ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ“ ვერ იგრძნო და ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა აქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა მისი თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი. ბიუჯეტის ათვისების და პროექტების განხორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც ამ მცირე დროის პერიოდში მივაღწიეთ. მიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში.

ამ ფონზე, საზოგადოებისთვის არახალია, რომ აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე. ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა.

ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, სათანადოდ დააფასონ ის ადამიანები, ვინც წლებია, პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს და მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე. უდიდესი მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს – ადამიანებს, ვინც ამ გზაზე გვერდში მედექით, თქვენი თავდადებითა და გვერდში დგომით, ჩვენ დღეს უკეთეს და უფრო ძლიერ ოზურგეთიში ვცხოვრობთ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძვირფას ოზურგეთელებს, თქვენი თანადგომა, სიყვარული იყო ჩემი მთავარი ძალა, პასუხისმგებლობა და სიამაყე. ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და მის ლიდერებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის — მე ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ რიგით ჯარისკაცად“, – წერს პაატა კუნჭულია.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები