Sunday, November 24, 2024
7.8 C
Tbilisi

„ქართული ოცნება“ – ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტის მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია… საქართველოს მიმართ აშშ-ს ღირსეული დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, ჩვენს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტის მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია და საქართველოს მიმართ აშშ-ს ღირსეული დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა.

„გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ საბოლოოდ დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა. თუმცა, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის, მასზე გამოხმაურება საჭიროდ მიგვაჩნია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასაც და ამერიკელი ჩინოსნების კრიტიკასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ ასრულებენ. მეტიც, 2020 წლის ნოემბრიდან „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. გარდა ამისა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა.

ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა.

საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:

– აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;

– აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;

– აშშ უზრუნველყოფდა „ენჯეოების“ ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;

– შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითიც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.

თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც „ენჯეოების“ გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ „ენჯეოები“ რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.

ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იმავე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითიც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები