სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი – სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში. მისი, თუნდაც როგორც ფორმალური პრეზიდენტის როლი, არის მხოლოდ ის, რომ გააკეთოს და თქვას ის, რასაც მისი პატრონები ეტყვიან.
წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს ამას [საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც ექნება] და მერე ჩვენ გვიწევდა თავის მართლება, რომ ჯარში არ ყოფილიყო დემოტივაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი. როდესაც შენ ხელს მოაწერ უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას, სამწუხაროდ, შემდეგ აღარ გეკითხებიან რა გააკეთო და რა არა.
იყო ცნობილი ფაქტი დავით გარეჯთან დაკავშირებული, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სენსიტიური ხასიათის. როდესაც იყო ასეთი პროვოკაციული მცდელობაზე საუბარი, ზუსტად მაშინ ჩავიდა იმ ადგილას პროვოკაციების მოსაწყობად საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოგვიწია ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ჩვენი ჟესტი და ეს ადამიანი გასული იყო მომსახურების ზონიდან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.