GUARDIANGE – ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ „შესანიშნავ ხასიათზეა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარმა თანაშემწემ იური უშაკოვმა.
რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „ვესტისთან“ საუბრისას უშაკოვმა პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც „კარგი“.
რუსულმა მედიამ ფართოდ გაავრცელა კადრები, სადაც ტრამპი ოთახში შედის და პუტინს სიტყვებით მიმართავს: „ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია!“
უშაკოვის თქმით, 35-40 წუთიანი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები.
კრემლი აცხადებს, რომ არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია რაიმე „მნიშვნელოვანი განცხადება“, რადგან ორივე მხარე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან დღეს დაგეგმილი სამიტისთვის ემზადება.
„ვინ არის ის?“ – ღიმილით იკითხა ტრამპმა პუტინთან შეხვედრის წინ იმ ოთახში შესვლისას, სადაც მას რუსეთის პრეზიდენტი ელოდებოდა“ და განაგრძო: „იგი ჩემი მეგობარია“.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს თბილად ართმევენ ხელს, რუსეთის ლიდერი კი აშშ-ის პრეზიდენტს იდაყვზე ადებს ხელს. შემდეგ ტრამპი პუტინისკენ იწევა და ყურში ჩურჩულით ეუბნება რაღაცას.
ამის შემდეგ ისინი ორივენი მოღიმარი სახით რეპორტიორებს უყურებენ, ტრამპი კი პრესის წარმომადგენლებს მოკლედ მიმართავს.
„დიდი მადლობა. მოუთმენლად ველით ჩვენს შეხვედრას“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას და პუტინს „მრავალი წლის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა“ აქვთ.
„და მე ვფიქრობ, რომ აქედან ბევრი შესანიშნავი რამ შეიძლება გამოვიდეს, ან სულ მცირე დაიწყოს მაინც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქედან ბევრი შესანიშნავი რამ გამოვა“, – ამბობს ის.
ამასობაში, ჩინეთის სახელმწიფო მედიის, CCTV-ის ცნობით, ტრამპსა და სი ძინპინს შორის ორმხრივი შეხვედრა დასრულდა და მალე სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.

