ნიკა ჩერქეზიშვილი: თბილისის მეტროს ძარცვის ამბავზე დაკავებულებიდან ერთი უკვე გაათავისუფლეს და გაუშვეს სახლში, გირაოს სახით გადახდილია 2 მილიონი ლარი, რაც მთლიანად მოპარული ფულის 4%-ია

„თბილისის მეტროს ძარცვის ამბავზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულებიდან ერთი უკვე გაათავისუფლეს და გაუშვეს სახლში.

გირაოს სახით გადახდილია 2 მილიონი ლარი, რაც მთლიანად მოპარული ფულის 4%-ია.

რომ გავამარტივოთ, ყოველი მიტაცებული 100 ლარიდან დააბრუნებინეს – 4.

7 წლის განმავლობაში მითვისებულია 41 105 298 ლარი, რაც წელიწადში 5 872 185 ლარია, თვეში – 489 348 ლარი, დღეში – 16 311 ლარი.

7 წლის განმავლობაში, უწყვეტად, ამოსუნთქვის გარეშე, თბილისელებს ყოველდღიურად პარავდნენ 16 311 ლარს.

ეს ხდებოდა ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში ვითხოვთ და ვერ ვეღირსეთ უფასო კვებას ბავშვებისთვის საჯარო სკოლებში;

სადაც სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულ ადამიანებს 1.7 ლარით კვებავენ დღეში.

სადაც პენსიონერებს თავდაპირველად 0.6 თეთრით მოუმატეს პენსია დღეში და მხოლოდ მათი მხრიდან გაპროტესტების შემდეგ დაუმატეს 0.9 თეთრი და 1.5 ლარამდე შეუვსეს. თითქოს დღეში 1.5 ლარი რამეს ნიშნავს და მათ ცხოვრებაზე შეძლებს დადებითად ასახვას.

სადაც დღიურად ადამიანებს საშუალოდ 40 ლარი აქვთ შემოსავალი და ეს 40 ლარიც როგორ ითვლება, კარგად ვიცით ყველამ.

ვიღაცას რომ 20 000 აქვს ანაზღაურება და ვიღაცას – 2 000, საშუალოდ 11 000 რომ გამოსდით ორივეს.

ყველაზე მიუღებელი რაც არის, ეს ფული სადღაც სალაროდან კი არ მოუპარავთ.

გაძარცვეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, სადაც ხალხი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ჩადის.

სადაც მშობლებს მცირეწლოვანი შვილების ჩაყვანა უწევთ.

7 წლის განმავლობაში რაც უნდა მოხმარებოდა მეტროს მოდერნიზაციას, უსაფრთხოების სისტემების გამართვას, წაიღეს სახლებში.

ვისი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი?

ეს არ არის „ქართული ოცნების“ პარტიული ფული.

ეს არის თბილისელების ჯიბიდან ამოღებული თანხა – გადასახადებით, ჯარიმებით, საურავებით, მოსაკრებლებით შეგროვებული ფული და უნდა მოხმარებოდა ქალაქს – თბილისს!

და ამ ყველაფერზე ვიღაცამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ეს თანხა უბრალოდ არ გამქრალა – ის ვიღაცის პასუხისმგებლობის პირობებში იკარგებოდა 7 წლის განმავლობაში.

თბილისელებს აქვთ სრული უფლება იცოდნენ, ვინ დაუშვა ეს, ვინ ვერ ან არ აღკვეთა და ვინ აგებს პასუხს ქალაქის გაძარცვისთვის“, – წერს  „ძლიერი საქართველოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები