საფრანგეთი და საქართველო პატივს მიაგებენ ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს: წარმოშობით ქართველს, ხოლო საფრანგეთის შვილს დაღვრილი სისხლით.
2026 წლის 11 ნოემბერს, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში 1918 წლის ზავის დღე აღნიშნა გორში, ქართული სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით, რათა პატივი მიეგო ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნისთვის. დიმიტრი ამილახვარი 1906 წლის 12 ნოემბერს, გორში, თავადის ოჯახში დაიბადა, ხოლო 16 წლის ასაკში, 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, თავი საფრანგეთს შეაფარა. ამილახვარი იყო სენ-სირის კურსანტი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი, განმათავისუფლებელი ომის მონაწილე. იგი 1942 წელს, ელ-ალამეინის ბრძოლაში საფრანგეთისთვის დაიღუპა. თავისი სამაგალითოგანვლილიგზით, ის არის სიმამაცის, ერთგულებისა და სამშობლოს დასაცავად მსხვერპლად შეწირვის, ისევე როგორც საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის სიმბოლო.
საზეიმო ცერემონია გორში გაიმართა 11 საათზე, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის სტელის წინ, მისი ოჯახის, ფრანგული სამხედრო დელეგაციის, უცხოური ლეგიონის წევრებისა და სენ-სირის კურსანტების თანდასწრებით. კავკასიის ფრანგული სკოლის მედროშეებთან, საპატიო ყარაულთან, ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან და საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან ერთად, ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენი დროის ამ გმირს, წარმოშობით ქართველს, მაგრამ საფრანგეთის შვილს დაღვრილი სისხლით.
ცერემონიის შემდეგ, სამხედრო მისიამ გორის მერიასა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობას გადასცა სამახსოვრო დაფა დიმიტრი ამილახვარის სურათით, ხოლო ქართული წარმოშობის ფრანგი გმირის შვილიშვილმა, ბატონმა კონსტანტინ კინსკიმ ლეგიონერი თავადის ბიუსტი ეროვნული თავდაცვის აკადემიას უსახსოვრა. ორივე ნამუშევარი შექმნილია ცნობილი ფრანგი მოქანდაკე, ოგიუსტ როდენის მოსწავლის, იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილის, გურამ ნიკოლაძის მიერ.
მაშინ, როდესაც რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში ევროპის მშვიდობას უქმნის საფრთხეს, ფრანგები და ქართველები ერთიანი არიან ჩაგვრისმიმართ წინააღმდეგობის გაწევის ამ საერთო ხსოვნაში.
ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

