რუის-ურბნისის ეპარქია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – ამის შესახებ განცხადებას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, განსაკუთრებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით:

1.ყაზბეგში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს მეუფე იობის მამაპაპისეულ კერას, რომელიც მან კანონიერი მემკვიდრეობის გზით მიიღო საკუთარი დედის — აწ განსვენებული მონაზონ მართას (ელოშვილის) გარდაცვალების შემდეგ.

2.აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული მემკვიდრეობიდან ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მეუფემ ყოველგვარი ანგარების გარეშე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ყაზბეგში მცხოვრებ საკუთარ ბიძაშვილს, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებითაც მარტივად გადამოწმებადია.

3.რაც შეეხება საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ სხვა მიწის ნაკვეთებს — თითოეული მათგანი არის სრულიად კანონიერი გზით, ოჯახური მემკვიდრეობით მიღებული ან საეკლესიო-სამეურნეო დანიშნულებით შეძენილი და რეგისტრირებული ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება ეპარქიის საჭიროებებს.

სამწუხაროა, რომ მავანნი ცდილობენ ადამიანის პირადი, მემკვიდრეობით მიღებული და კანონიერი ქონების თემით მანიპულირებას და ამ გზით საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან.

„სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ.“ (ფსალმ. 108, 4)

მეუფე იობის ლოცვა შეეწიოს ჩვენს ეპარქიას და სრულიად საქართველოს!“ – ნათქვამია რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები