საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში, სამხედრო ორკესტრისა და საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა.
გენერლებსა და დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას სომხეთის რეპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი დაესწრო. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას, ასევე სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლებებში ქართველი და სომეხი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები იყო.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

