რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ „რესპუბლიკელები“, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე? – რომან გოცირიძე

„დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომმა რესპუბლიკელებს კონგრესში არჩევნები წააგებინა. ეს მისთვის საკმაოდ მოსახერხებელი პოლიტიკური ახსნაა: პასუხისმგებლობა მხოლოდ საგარეო კონფლიქტს გადააბრალოს და საკუთარი სხვა შეცდომები მეორე პლანზე გადაიტანოს.

მოდით, ციფრებს შევხედოთ. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, 2026 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით საწვავზე ფასების წლიური ზრდა ასე გამოიხატება:

-ბენზინი: რეგულარული ბენზინის საშუალო ფასი გალონზე 4,153 დოლარია, ერთი წლის წინანდელ 3,019 დოლართან შედარებით. ზრდა-37,6%.

-დიზელი: საშუალო ფასი გალონზე 6,292 დოლარია, ერთი წლის წინანდელ 3,753 დოლართან შედარებით. ზრდა-დაახლოებით 67,7%.

ახლა მთავარი კითხვა: ეს პროცენტებია მართლაც რესპუბლიკელების პოლიტიკური კრახის მიზეზი? თუ საწვავის ფასები მხოლოდ გაცილებით ღრმა პრობლემების ერთ-ერთი გამოვლინებაა?

საწვავის გაძვირება მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამერიკელების უკმაყოფილება უფრო კომპლექსურია.

ჩემი აზრით, რესპუბლიკელების მარცხის ძირითადი მიზეზები შემდეგია:

1.ცხოვრების გაძვირება და ტარიფების პოლიტიკა

ტრამპი ინფლაციის დამარცხებასა და ფასების შემცირებას ჰპირდებოდა ამომრჩეველს, მაგრამ მისმა სატარიფო პოლიტიკამ საპირისპირო შედეგი გამოიღო.

იმპორტირებულ პროდუქციაზე დაწესებული გადასახადები საბოლოოდ ამერიკელი მომხმარებლის ჯიბეზე აისახა.

ანუ ტრამპმა საკუთარი სავაჭრო პოლიტიკით ამერიკელ ოჯახებს დამატებითი ფინანსური ტვირთი დააკისრა.

2.ირანთან ომი და მისი ეკონომიკური ფასი

შეიძლება ამერიკელი ამომრჩევლის უფრო მეტი ნაწილი ირანთან ომს გაგებითაც კი მოჰკიდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ომის გამოცხადებული მიზნები მიღწეული იქნებოდა და ამერიკას რეალური სტრატეგიული შედეგი ექნებოდა.

მაგრამ რა მივიღეთ სინამდვილეში? ომმა ამერიკის ბიუჯეტს ათეულობით მილიარდი დოლარის ხარჯი დააკისრა. ჰორმუზის სრუტის კრიზისი დღემდე მოუგვარებელია, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზარი კვლავ მაღალი გაურკვევლობის პირობებში მუშაობს, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე რისკები და ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობა საბოლოოდ აღმოფხვრილი არ არის.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ამხელა ფინანსური და პოლიტიკური ფასი გადაიხადა ამერიკამ, რა სტრატეგიული შედეგი მიიღო სანაცვლოდ?

თუ საბოლოოდ ვერც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება უზრუნველყავი, ვერც ბირთვული საფრთხე აღმოფხვერი და თან ამერიკელ მომხმარებელს საწვავი გაუძვირე, მაშინ ეს უკვე მხოლოდ ძვირადღირებული ომი კი არა, სერიოზული სტრატეგიული მარცხია.

ტრამპს არ შეუძლია ომის პოლიტიკური ფასი მხოლოდ ირანს გადააბრალოს. ეს ომი მისი გადაწყვეტილება იყო და მისი შედეგებისთვისაც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

3.უკრაინის დადანაშაულება საწვავის გაძვირებაში

ტრამპი საწვავის გაძვირებას უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ დარტყმებსაც უკავშირებს.

დიახ, უკრაინული დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურასა და საექსპორტო შესაძლებლობებს აზიანებს. ამან საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით დიზელის მიწოდებაზე, გარკვეული ზეწოლა შექმნა. აშშ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზეა დამოკიდებული და ასეთი დეფიციტი ამერიკულ ფასებზეც აისახება.

მაგრამ აქედან იმის დასკვნა, რომ ამერიკაში საწვავის გაძვირების პასუხისმგებელი უკრაინაა, აშკარა პოლიტიკური მანიპულაციაა.

პირველ რიგში, აშშ-ს 2022 წლიდან რუსეთიდან ნავთობი და ნავთობპროდუქტები არ შემოაქვს. მეორე-უკრაინული დარტყმების გავლენა განსაკუთრებით დიზელის ბაზარზეა შესამჩნევი და ეს არ ხსნის ბენზინის ფასების ზრდას. მესამე-ენერგეტიკული კრიზისის უმთავრესი ფაქტორი ირანთან ომი და მისგან გამოწვეული გლობალური მიწოდების შეფერხებაა.

უკრაინა თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან და რუსეთის სამხედრო-ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას უტევს. ამ პირობებში უკრაინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ისე, თითქოს ამერიკელების საწვავის გაძვირების მთავარი დამნაშავე ზელენსკი იყოს, პოლიტიკური არაკეთილსინდისიერებაა.

4.უკრაინაზე ზეწოლა და ზელენსკის დამცირების მცდელობა

უკრაინის მიმართ ზეწოლამ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯარო დამცირების არაერთმა ეპიზოდებმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის სანდოობას სერიოზული კითხვები გაუჩინა.

ამერიკელების ნაწილისთვის ეს ნიშნავდა, რომ ვაშინგტონი საკუთარ მოკავშირეს სათანადოდ აღარ იცავდა და აგრესორთან მიმართებით ლოიალურ პოზიციას იკავებდა.

5.პუტინთან ფლირტი და რუსეთის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მცდელობა

პუტინთან განსაკუთრებული შემრიგებლური ტონი, რუსეთის მიმართ რბილი დამოკიდებულება და კრემლის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მცდელობა ამერიკის ტრადიციულ საგარეოპოლიტიკურ კონსენსუსს ეწინააღმდეგება.

ეს მხოლოდ უკრაინის საკითხი არ არის. საქმე ეხება ამერიკის საერთაშორისო ავტორიტეტს, უსაფრთხოების გარანტიებსა და იმ პრინციპებს, რომლებზეც დასავლური პარტნიორობაა აგებული.

6.მზარდი კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტი

როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებში სულ უფრო ხშირად ჩნდება პირადი ინტერესები, ბიზნესკავშირები, გავლენების გადანაწილება და სახელმწიფო ბერკეტების შესაძლო პირადი მიზნებისთვის გამოყენება, ამომრჩეველს უჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო საზოგადოებას კი არა, ვიწრო წრეს ემსახურება.

7.შეუსრულებელი დაპირებები და ამომრჩევლის იმედგაცრუება

ტრამპის გამარჯვება დიდწილად სამ დაპირებას ეყრდნობოდა: ფასების შემცირებას, საზღვრის კონტროლს და ამერიკის ახალი ომებისგან დაცვას.

მაგრამ ამომრჩეველმა მიიღო გაძვირებული ცხოვრება, ახალი ომი და პოლიტიკური დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავება.

ეს უკვე ცალკეული პოლიტიკის ჩავარდნა აღარ არის. ეს ნდობის დაკარგვაა.

ამომრჩეველი შეიძლება ხელისუფლებას შეცდომას აპატიოს, მაგრამ გაცილებით რთულია, აპატიოს დაპირებების სისტემატური შეუსრულებლობა.

8.არაკომპეტენტური კადრები და პირადი ერთგულების კომპეტენციაზე მაღლა დაყენება

ტრამპის მიერ საკუთარი ერთგული ადამიანების შერჩევამ, პროფესიული გამოცდილებისა და კომპეტენციის ხარჯზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობასა და პოლიტიკური კანდიდატების ხარისხზე კითხვები გააჩინა.

არჩევნებმაც აჩვენა, რომ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი კანდიდატი ამომრჩევლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა-არაკომპეტენტურობისა და პრეზიდენტისადმი გადაჭარბებული ლოიალობის გამო.

9.MAGA-ს რადიკალური ფრთის გავლენა

რესპუბლიკური პარტია სულ უფრო მეტად იქცა MAGA-ს რადიკალური ფრთის იდეოლოგიური დღის წესრიგის მძევლად.

პარტიაში ტრადიციულ რესპუბლიკელებსა და MAGA-ს მხარდამჭერებს შორის განხეთქილება გაღრმავდა.

ტარიფები, ირანის ომი, საგარეო პოლიტიკა და მმართველობის სტილი რესპუბლიკელების შიგნითაც დაპირისპირების წყაროდ იქცა.

ტრამპმა პარტია საკუთარ პოლიტიკურ პერსონაზე ზედმეტად დამოკიდებული გახადა. შედეგად, ზომიერი რესპუბლიკელები, დამოუკიდებელი ამომრჩევლები და ყოფილი მხარდამჭერების ნაწილი პარტიას დაშორდა.

10.ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება

ევროპელ მოკავშირეებთან დაძაბულობა, ნატოს მიმართ გაურკვეველი გზავნილები, სავაჭრო კონფლიქტები და პარტნიორებზე მუდმივი ზეწოლა ამერიკის საერთაშორისო პოზიციას აზიანებს.

ამერიკის ძალა მხოლოდ სამხედრო და ეკონომიკური რესურსებით არ განისაზღვრება. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული აქტივი მოკავშირეთა ნდობაა.

როდესაც მოკავშირეები ტრამპს არაპროგნოზირებად პარტნიორად აღიქვამენ, ეს ამერიკის გრძელვადიან ინტერესებს აზიანებს.

ამ არჩევნების შედეგი ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის ფართო შეფასებად იქცა. მისი ახსნა, რომ მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანთან ომი იყო, შეიძლება გარკვეულ ნაწილს ხსნიდეს, მაგრამ მთლიან სურათს ვერ მოიცავს.

ამომრჩეველმა მხოლოდ საწვავის ფასს არ მისცა შეფასება-მან შეაფასა ეკონომიკური მდგომარეობა, საგარეო პოლიტიკა და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შესრულებაც“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები