ოქტომბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 779 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ოთხ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 779 ფაქტი გამოავლინეს.

446 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 150 — ქუთაისში, 141 — ბათუმში, 42 კი — რუსთავში.

684 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 95 შემთხვევაში კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

471 სამართალდარღვევა — მსუბუქი ავტომობილების, 290 — მიკროავტობუსების, 18 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. კონტროლის დაწყებიდან დღემდე გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი — მიმდინარე წლის ათ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7635 ფაქტი.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები