რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის წარმოება საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ  ივლისს – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს,“ – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები