საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა აცილების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლების შუამდგომლობები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აცილების შესახებ.

კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მთელი შემადგენლობის აცილება, „ლელომ“ კი მხოლოდ სამი მოსამართლის – ვასილ როინიშვილის, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის.

კოლეგიის თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება იმის გამო, რომ ვინმეს არ მოსწონს მოსამართლე, მოსამართლის ბიოგრაფია, ან მისი გავლილი გზა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

„განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. განჩინება გამოქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში გაეგზავნებათ მხარეებს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, თუ განჩინებას სრულად ეთანხმება პლენუმის შემადგენლობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა აცილების თაობაზე ძირითადად აგებული იყო იმაზე, რომ არ მოსწონს მხარეს მოსამართლეთა ბიოგრაფიები, რის გამოც  ეჭვქვეშ აყენებს მათ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას, თუმცა რაიმე ფაქტზე ელემენტარული მითითებაც კი ვერ მოახდინა მხარემ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები მოცემული საქმის განხილვისას ვერ იქნებიან მიუკერძოებელნი.

რაც შეეხება მეორე მხარეს სამ მოსამართლესთან მიმართებით, პრაქტიკულად, დანიშვნის წესი არ მოსწონთ. 1995 წლის 24 აგვისტოდან, რაც საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია არის, მოსამართლეთა დანიშვნის აღნიშნული წესი მოქმედებს საქართველოში. ამ კუთხით რა იყო აცილების საფუძველი, ცოტა გაუგებარი დარჩა. რაც შეეხება შავაძის საქმეზე მითითებას ბატონ ვასილ როინიშვილთან მიმართებით, ბატონი ვასილი ზოგადად, პროკურორი იყო. თან ეს საქმე ერთ-ერთ ფაქტად არის მითითებული აღნიშნულ სარჩელზე. ჩვენ უშუალოდ შავაძის საქმეს არ ვიხილავთ და ამით აცილების საფუძვლის დაყენება და მოსამართლის მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება სრულიად საფუძველს მოკლებულია. ამავდროულად, არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ძალიან მაღალი სტანდარტი მოსამართლის აცილების საფუძვლებისა, რითაც უნდა იხელმძღვანელოს მხარემ, როდესაც აყენებს მოსამართლის აცილებას. და ეს სტანდარტი არის დადგენილი 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაში. მხარეებს არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან მაღალი სტანდარტი დაიდო ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლეთა აცლებით. ასევე, 2022 წლის 24 ნოემბრის საქმე, სადაც აგრეთვე ძალიან მაღალი სტანდარტი დაიდო მოსამართლეთა აცილების. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება უბრალოდ იმის გამო, რომ ვინმეს მოსამართლე არ მოსწონს, მოსამართლის ბიოგრაფია არ მოსწონს, ან მისი გავლილი გზა, არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს და სამართლებრივ საფუძველს საერთოდ მოკლებულია. ასევე, ის სტანდარტი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დადო ახლა, როდესაც ერთ-ერთმა მოსამართლემ აცილება განაცხადა და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა მოსამართლის აცილება. იქაც თავისი სტანდარტი დადო და ის სტანდარტები ეფუძნებოდა ამ ორ სტანდარტს, რაზეც უკვე განვაცხადე. ეს სტანდარტები არის შეუცვლელი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეს სტანდარტი არის დადგენილი“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ამავდროულად, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ითხოვდნენ ცალკე საქმედ გამოყოფას, რაც არ დაკმაყოფილდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის შემადგენლობა ასეთია: ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; ვასილ როინიშვილი; გიორგი მოდებაძე; სერგო მეთოფიშვილი; გოგა კიკილაშვილი და რევაზ ნადარაია.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები