საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს და უმრავლესობის სხდომებზე საუბარი იყო ირაკლი კობახიძეზე, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მასზე ბევრი ისაუბრა და ყველა სიტყვა იყო საქებარი.
მისივე თქმით, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და მხარს უჭერს ირაკლი კობახიძეს.
„ნამდვილად იყო საუბარი ბატონ პრემიერზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად ბევრი ისაუბრა მასზე, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სიტყვა იყო საქებარი მის მიმართ. რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან, მისი მეთაურობით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ, აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მეტი დრო დაუთმო მასზე საუბარს და ეს საუბარი იყო მხოლოდ ირაკლი კობახიძის შექება.
ასეთი მოცემულობა როდესაც არის და ყველა ხედავს, როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

