„საერთაშორისო დავებზე უცხოელი ადვოკატებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა უკვე კოლოსალურ მასშტაბს აღწევს. მისი მოცულობა 2016-2027 წლებში 387 მილიონ ლარს უტოლდება.
2016-2026 წლებში ამ მიმართულებით 329 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2027 წელს კი დამატებით 58 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.
ამ მასშტაბის ხარჯი სახელმწიფო რესურსების ფლანგვის მკაფიო მაგალითია. ასობით მილიონი ლარის გადინება საერთაშორისო დავების მხოლოდ მომსახურებაში იმ შედეგების საფასურია, რომლებიც არაკომპეტენტური გადაწყვეტილებებისა და კორუფციული გარიგებების ფონზე დგება.
თუ 2016–2019 წლებში ხარჯი მხოლოდ 53 მილიონი ლარი იყო, 2020–2026 წლებში მან უკვე 276 მილიონს მიაღწია. ეს უბრალოდ სტატისტიკური ზრდა აღარაა-ეს არაკომპეტენტურობისა და კორუფციის მასშტაბების პირდაპირი პროპორციული ზრდაა. ყველაზე მძიმე ფინანსური დარტყმა ქვეყანამ თურქული „ენკასა“ და რუსული „ინტერ რაოს“ საქმეებით მიიღო, როდესაც მთლიანობაში 555 მილიონი დოლარის გადახდა დაგვეკისრა.
საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეები ორმაგად იძარცვება: ჯერ იხდიან ასობით მილიონს უცხოელი იურისტების მომსახურებაში, ხოლო შემდეგ – მილიარდებს იმ წაგებულ დავებში, რომლებიც ხელისუფლების მავნებლური და კორუმპირებული მართვის პირდაპირი შედეგია“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

