„უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადის გაზრდას გეგმავს. ვისაც 3 მილიონ დოლარზე მეტი აქტივები აქვს (მათ შორის, უძრავი ქონებაც), გადაიხდის მისი ღირებულების 1 პროცენტს, ხოლო ვისაც 308 მილიონ დოლარზე მეტი აქვს -1,5 პროცენტს. ეს ეხება პირს და არა ოჯახს ერთად. იქ ოჯახის წევრების შემოსავალი არ იკრიბება.
რა ხდება ამ კუთხით საქართველოში? ამაზე მძიმე გადასახადი უკვე მოქმედებს ჩვენთან, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის-უძრავი ქონების 0,8-1 პროცენტს იხდის ყველა, ვისი ოჯახის ჯამური შემოსავალიც 100 ათას ლარზე მეტია, ანუ დაახლოებით 38 ათასი დოლარი.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახში სამ წევრს აქვს შემოსავალი, საშუალოდ, 12 700 დოლარი წელიწადში, ანუ დაახლოებით 1060 დოლარი თვეში, ის იხდის იმდენს, რამდენსაც უნგრელი დოლარში მილიონერი მომავალში გადაიხდის.
თუ აქტივები (მათ შორის, უძრავი ქონება) 308 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, უნგრეთში გადასახადის განაკვეთი 1,5 პროცენტი იქნება. ჩვენთან კი დღეს ნებისმიერი სახის შპს-სთვის ქონების გადასახადი 1 პროცენტია.
კარგად გამოჩნდა, თუ რატომ დააწესა მხოლოდ მოჭრილი 100 ათასი ლარის ზღვარი „ქართულმა ოცნებამ“ და არ მოახდინა შემოსავლების დიფერენცირება. მაგალითად, 100-იდან 500 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირი ერთი განაკვეთით დაებეგრა, ხოლო უფრო მაღალი შემოსავლის მქონე-განსხვავებული განაკვეთით.
ეს იმიტომ არ გააკეთეს, რომ საპარლამენტო მილიონერებიც ისე დაბეგრილიყვნენ, როგორც ჩვენი სტანდარტით საშუალოშემოსავლიანი ადამიანები.
პარლამენტში თქვეს, რომ ეს დროებითია და მთავრობა ახალ კანონპროექტზე მუშაობსო. თუ ეს ესტონური მოდელია, ის მთლიანად მდიდრების ინტერესებზეა მორგებული-ქონება კი არ იბეგრება, არამედ ის მიწა, რომელზეც იგი დგას.
თუ გაქვს ეზო და ქოხი, გადაიხდი იმდენს, რამდენსაც იმავე ფართობის მიწაზე მდგომი ცათამბჯენი გადაიხდიდა. რადგან ღარიბი ბევრს ვერ გადაიხდის „ჰუმანური“ მოსაზრებით გადასახადი მცირე იქნება, მაგრამ იგივე პრინციპი გავრცელდება ასჯერ და უფრო მეტი ღირებულების მქონე ქონებაზეც.
პარლამენტში ყველა კანონი ვიღაცის ინტერესებზეა მორგებული. მთავარი „ვიღაცა“ ვინ არის, ეს კი ვიცით“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

