GUARDIANGE – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი და ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
ამის შესახებ ავრანლოს სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში გაიგო და მათთვის, ისევე როგორც სკოლის პედკოლექტივის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, ეს მოულოდნელი და არასასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა, რადგან თუკი დამატებითი ექსერტიზა არ ჩატარდება და მიღებული გადაწყვეტილება არ გადაიხედება, მოსწავლეებს და მასწავლებლებს მეზობელი სოფლის სკოლაში გადასვლა და სწავლის მეორე ცვლაში გაგრძელება მოუწევთ.
სკოლის დირექცია და ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლას და საკითხის დამატებით შესწავლას დაჟინებით ითხოვს.
სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების აშენების წინააღმდეგი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ არსებული შენობა მდგრადია და ამ ეტაპზე იქ სწავლის გაგრძელება, ისე რომ სკოლის ბალანსზე არსებულ 1 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე პარალელურად ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყოს, სავსებით შესაძლებელია.
როგორც GUARDIANGE-ის სკოლის დირექტორმა, მიხეილ ჯაყელმა განუცხადა, ისინი უკვე ერთი კვირაა სწავლების ონლაინ რეჟიმზე არიან გადასული და სხვადასხვა ობიექტური ფაქტორიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა 2026-2027 სასწავლო წელი მშობლიურ სკოლაში დაესრულებინათ სწავლა.

სკოლის დირექციამ შესაბამისი წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართა და პასუხს ელოდება.
„ჩვენი სკოლა, ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ავარიულ შენობას, რომელიც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. რაც თავი გვახსოვს, ზუსტად ასეთია ეს სკოლა და ამდენი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ვმუშაობთ აქ. შესაძლებელია, სკოლამ ამ ფორმით ავტორიზაცია ვერ გაიაროს და ამისათვის რემონტს და გარკვეულ მიშენება-მოშენებას საჭიროებდეს და აქედან გამომდინარე, სჯობდეს კიდევაც ახლის აშენება, რასაც ყველა მიესალმება, მაგრამ ამ ეტაპისთვის, სხვა სკოლაში სიარული პრობლემური იქნება.
„ნებისმიერი დაგიდასტურებთ, რომ არ არის ეს სკოლა ისეთი სახიფათო ადგილი, რომ აქ სასწავლო პროცესის გაგრძელება არ შეიძლებოდეს. სკოლა 1966 წელსაა აშენებული, მყარია. შესაძლოა, საკლასო ოთახები თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამებოდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შენობა საკმაოდ მდგრადია. არანაირი საშიშროება არ ემუქრება, რომ რამე ან ჩამოვარდეს, ჩამოინგრეს, ბზარიც კი არ აქვს საერთოდ, არც ერთი მხრიდან. ჩვენი შეხედულებით, ჩვენზე გაცილებით სავალალო მდგომარეობაშია რამდენიმე სხვა სკოლა, მაგრამ არ მისულა იქ არანაირი დასკვნა და ჩვეულებრივ განაგრძობენ სწავლას. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ჩვენც აქ განვაგრძოთ სასწავლო პროცესი და თუ მაინცდამაინც ახალი სკოლა უნდა აშენდეს, 1 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გვაქვს და უფრო მისაღები გამოსავალი იქნებოდა, ამავე სკოლაში გაგვეგრძელებინა სასწავლო პროცესი, პარალელურად კი ახალი სკოლა აშენებულიყო. აქ ერთი კი არა, ორი სკოლაც კი აშენდება, იმხელა ტერიტორიაა.
„რაც შეეხება ალტერნატიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც შეიძლება გადავიდეთ, ჩვენგან 3 კილომეტრშია ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელში სკოლა და ასევე, 10 კილომეტრში მეორე სკოლა. მაგრამ მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ძალიან ნერვიულობენ ამ გადაწყვეტილების გამო, არსად არ უნდათ წასვლა. ითხოვენ ხელმეორედ შემოწმებას. სკოლა, როგორც ვთქვი, 1966 წელსაა აშენებული, ჩვენ 2003 წელს დავიწყეთ აქ მუშაობა და მაშინდელთან უკეთეს მდგომარეობაშია ახლა. 2016 წელს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ჩავსვით, ორი წლის წინ თუნუქით გადავხურეთ, მოკლედ ბზარი არ აქვს შენობას, არანაირი პრობლემა არ აქვს, მშვენიერი სასწავლო გარემოა.
„მთელი იმედებით, ახალი ღონისძიებებით დავიწყეთ სასწავლო წელი და უცებ, გავიგეთ, რომ დემონტაჟი უნდა მოხდეს… იმედი გვაქვს, სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას და გადახედავენ ამ საკთხს. ასე, ერთი ხელის მოსმით, რომ ვიღაცამ თქვა, რომ არ შეიძლება სასწავლო პროცესის გაგრძელება, არ ვიცი, რამდენად სწორია. კი ბატონო, დაიშალოს, ახალი აშენდეს, უკეთესი ვის არ უნდა, მოსწავლეებისთვის თუკი თანამედროვე სასწავლო გარემო იქნება, ამას რა სჯობს, მაგრამ მანამდე რატომ მივყავართ სხვაგან, როდესაც შეიძლება აქ დარჩენა და სწავლის პირველ ცვლაში გაგრძელება. სად უნდა ვნახო მათემატიკის, ფიზიკის ახალი მასწავლებლები? ჩაგვივარდება სასწავლო პროცესი და ვერ იქნება უზრუნველყოფილი ხარისხიანი სწავლება. დავაზუსტებ, რომ ჩვენს სკოლაში, ახალი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მეორე ცვლაში დადიოდა საყდრიონის საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი 5 მასწავლებელი ასწავლის, საყდრიონის სკოლის ორი მასწავლებელი კი მათემატიკას და ფიზიკას ასწავლის ჩვენთან და ამ პირობებშო, ესენიც აღარ გვეყოლება. ძალიან ჭირს კადრების მოძიება, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებში, მათემატიკასა და ფიზიკაში. დღემდე, ორი სკოლა ერთმანეთს ვუთავსებდით საქმეს და მშვენივრად მიდიოდა პროცესი. ახლა კი ახალი თავსატეხი გვიჩნდება“, – აღნიშნა მიხეილ ჯაყელმა.
GUARDIANGE-ის საყდრიონის საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი შავაძემაც დაუდასტურა, რომ პროცესის ამგვარად წარმართვის შემთხევაში მათაც დამატებითი პრობლემები შეექმნებათ და შესაძლოა, სწავლის შაბათს გაგრძელებაც კი გახდეს საჭირო.
„იქამდე, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნის შესახებ გახდებოდა ცნობილი, რამაც ამ ეტაპზე ავრანლოს საჯარო სკოლის ონლაინ სწავლებაზე გადასვლა განაპირობა, ჩვენც, გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წლის მარტიდან ჩვენი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ავრანლოს საჯარო სკოლაში ვიყავით გადასული და მეორე ცვლაში წარვმართავდით სასწავლო პროცესს. თუმცა ამ ეტაპზე უკვე კუშის საჯარო სკოლაში გადაგვიყვანეს, რადგან ავრანლოს ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. თუკი მათაც მეორე ცვლაში მოუწევთ სწავლის გაგრძელება, მაშინ ჩვენი და მათი პედაგოგების ცხრილებში თანხვედრა გარდაუვალი იქნება და ვფიქრობ, შაბათ დღესაც მოგვიწევს სწავლა“, – განუცხადა ირაკლი შავაძემ GUARDIANGE-ის.
მიხეილ ჯაყელი კი ხაზს უსვამს, რომ თავადაც და სკოლის პედაგოგებიც სრულიად აპოლიტიკურები არიან და მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე, მხოლოდ საკუთესო გამოსავლის მოძებნას ცდილობენ.
„ერთი კვირაა რაც გადასული ვართ დისტანციურ სწავლებაზე და ერთი კვირით ისევ ამ ფორმატში გაგრძელდება სწავლა, რადგან ველოდებით პასუხს. უმჯობესი იქნება, კიდევ ერთხელ შემოწმდეს სკოლა ექსპერტების მიერ. თავად მე, პედკოლექტივიც, მშობლებიც, დარწმუნებული ვართ, რომ ამ სკოლაში სწავლის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება სავსებით შესაძლებელია. თუ გარდაუვალი საჭიროება იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა სკოლაში განვაგრძობთ სწავლას, მაგრამ ახლა, ვფიქრობთ, ამის საჭიროება არ არის. ამასთან, ჩვენი 5 მასწავლებელი, მეორე ცვლაში სხვა სკოლაშიც მუშაობს და თუკი ჩვენც მეორე ცვლაში გადავინაცვლებთ, ეს სასწავლო პროცესს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს.
„საკითხს არ ვაყენებთ ისე, რომ არ გვინდა ახალი სკოლა. როგორ არ მინდა ახალი სკოლა. ახალი, თანამედროვე სკოლაც მინდა, კარგი ინვენტარიც, კარგი რესურსებიც, მაგრამ არა ამ წარმოშობილი პრობლემების ხარჯზე. არ არის ეს სკოლა ამ ეტაპზე დასანგრევი და თუ მაინცდამაინც მომავალში სხვა გზა არ გამოინახება, მაშინ დაგვტოვონ ამ შენობაში და პარალელურად, ამავე ეზოში დაიწყონ ახალი სკოლის მშენებლობა. ჯერ არც პროექტი არსებობს და არც რაიმე მონახაზი. ჩვენ პოლიტიკას არ ვეხებით, არ ვართ პოლიტიზებული, პედაგოგები ვართ, ბავშვებზე ვზრუნავთ და ღმერთს შევთხოვ, გაგვამრავლოს, გაგვაძლიეროს და ისეთ დონეზე აიყვანოს ჩვენი განათლების სისტემა, რომ მთელ მსოფლიოში საამაყოდ გვქონდეს საქმე“, – აღნიშნა მიხეილ ჯაყელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სკოლის წინაშე წამოჭრილი პრობლემების შესახებ სოციალურ ქსელში დირექციის სახელით განცხადება გაავრცელა:
„ძვირფასო კოლეგებო, მშობლებო და ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო!
გვსურს მოგაწოდოთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ჩვენი სკოლის მომავალთან და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებული შენობის გარემონტებასა და რეაბილიტაციას, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის აშენება სჯობს. გამომდინარე აქედან, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი სკოლის დემონტაჟისა და ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის გარანტიაა, რაც ყველას ძალიან გვახარებს.
თუმცა, აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა სასწავლო პროცესის დროებით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მეორე სმენაში გადატანის საკითხი.
საორგანიზაციო საკითხებისა და შიდა ლოგისტიკის მოწესრიგების მიზნით, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით), სკოლა სრულად გადადის დისტანციურ (ონლაინ) სწავლებაზე.
პარალელურად, გვსურს გაცნობოთ, რომ სკოლის დირექცია არ წყვეტს აქტიურ მუშაობას და ამზადებს ოფიციალურ მიმართვას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსადმი.
ჩვენი უმთავრესი მიზანი და თხოვნაა, მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტრუქციული უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 2026-2027 სასწავლო წელი სრულად დავასრულოთ არსებულ შენობაში, რათა თავიდან ავიცილოთ სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ბავშვების სხვაგან გადაყვანა და ზედმეტი სტრესი.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სასკოლო საზოგადოების ინტერესების დასაცავად და იმედი გვაქვს, რომ სამინისტროსთან კონსტრუქციული დიალოგით დადებით შედეგზე გავალთ.
ნებისმიერი სიახლის შესახებ ოპერატიულად შეგატყობინებთ“, – ნათქვამია ავრანლოს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

GUARDIANGE იმის გასარკვევად, არის თუ არა ავრანლოს მსგავსი პრობლემა წალკის მუნიციპალიტეტის რომელიმე სხვა საჯარო სკოლაში, წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახლადდანიშნულ უფროსს, ნანა დვალიძეს დაუკავშირდა. როგორც მან თქვა, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე მხოლოდ ავრანლოს საჯარო სკოლაა ონლაინ სწავლებაზე გადასული.
„ჩვენი ყველა საჯარო სკოლა, გარდა ავრანლოს სკოლისა, ჩვეულ ფორმატში განაგრძობს სასწავლო პროცესს. ველოდებით განათლების სამინისტროსგან წერილს, რომლის საფუძველზეც გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ავრანლოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ამ ეტაპზე გაცემული დასკვნის მიხედვით, სკოლა ავარიულადაა შეფასებული, მისი გამაგრება არ არის მიზანშეწონილად მიჩნეული და გაცემულია ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის რეკომენდაცია. ვნახოთ, რა ახალი გარემოებები შეიძლება გამოიკვეთოს“, – უთხრა GUARDIANGE-ის ნანა დვალიძემ.
ავრანლოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით GUARDIANGE-იმ წერილობით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
ავრანლოს საჯაროს სკოლის მსგავსად, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, სასწავლო პროცესი, ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად შეწყდა საქართველოს რამდენიმე სხვა საჯარო სკოლაში, მათ შორის თბილისის 21-ე და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლებში.
თუმცა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რამდენიმე კვირაში აღდგება, მისაქციელში კი ახალი საჯარო სკოლა აშენდება.
თბილისის 21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. კომისიამ მიიჩნია, რომ რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.
რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, ექსპერტიზის მიერ შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.

