გიორგი სულამანიძე: დავტოვე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა, ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება

„მოგესალმებით მეგობრებო,

16 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, ხოლო მთლიანად დაცული ტერიტორიების სისტემაში 19 წელი გავატარე, 2007 წელს, სტაჟიორის პოზიციიდან დავიწყე.

21 სექტემბრიდან დავტოვე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა.

მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება – დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი.

ამ 16 წლის განმავლობაში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ერთად მნიშვნელოვანი განვითარების გზა გავიარეთ:

გაიზარდა ტერიტორიის ცნობადობა და ვიზიტორთა რაოდენობა: 2010 წლის 15 117-დან 2019 წელს 59 761-მდე.

მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ ბიომრავალფეროვნების დაცვაში: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა დაახლოებით 350-დან 800-მდე, ხოლო არჩვის — 40-დან 250-მდე გაიზარდა.

განხორციელდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები, მათ შორის აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის GPS-მონიტორინგი. განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, განახლდა მართვის გეგმები, გაძლიერდა გარემოსდაცვითი განათლება და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა.

ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა: ფოტოხაფანგების, SMART-ისა და მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის განვითარება.

ფოტოხაფანგების გამოყენება ჯერ ბორჯომ-ხარაგაულში გამოიცადა, შემდეგ დაინერგა ლაგოდეხში და მოგვიანებით სხვა უწყებების პრაქტიკაშიც გავრცელდა. ბოლო ეტაპზე უკვე მათი მონაცემების ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამუშავებასა და ანალიზსაც ვტესტავდით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბრაკონიერობის პრევენცია და მასთან თანმიმდევრული ბრძოლა. ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგს ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერამ და სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობამ.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ურთულეს პერიოდში პროფესიული ღირსება, ერთგულება და ადამიანური თანადგომა შეინარჩუნა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგები და თანამოაზრეები: დაცვის განყოფილების უფროსი Zurab Lomidze და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი Tea-Natia Shalvashvili

ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავ მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას. ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა.

ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს.

თანამედროვე მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის SMART, უნდა ემსახურებოდეს დაცვითი საქმიანობის ეფექტიანობას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და არა მხოლოდ დისციპლინარული ზეწოლის მექანიზმად იქცეს.

პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის.

მჯერა, რომ დაცული ტერიტორიების სისტემა გაცილებით მეტს იმსახურებს: პროფესიონალიზმზე, სამართლიანობაზე, ღირსებაზე, მეცნიერებასა და ადამიანების პატივისცემაზე დაფუძნებულ მართვას.

ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს, საქართველოს ბუნებისა და ქართველი ხალხის სამსახურს მივუძღვენი – საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კვლევას.

თანამდებობას ვტოვებ, მაგრამ ბუნებისდაცვითი მისიიდან არ მივდივარ.

ადამიანები ბუნების სამსახურში; ბუნება ადამიანების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და მომავლისთვის.

მადლობა ყველას, ვინც ამ 19-წლიან გზაზე ჩემ გვერდით იდგა და მრავალწლიანი ნდობა გამომიცხადა“, – წერს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ყოფილი დირექტორი გიორგი სულამანიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები