თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, ამ ეტაპისთვის, 8 000-ზე მეტი თავისუფალი ადგილია

2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის შედეგად თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპისთვის თავისუფალია 8 000-ზე მეტი ადგილი.

„როგორც იცით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს საინტერესო სიახლეებით ხვდება. კერძოდ, მერის განცხადებით, აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღო თბილისის N168 საბავშვო ბაგა-ბაღმა.

„ეს გახლავთ სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე. ის 12 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ამჟამად ბაღში 150-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში გასულ არდადეგებზე სხვა ინფრასტრუქტრული პროექტებიც განხორციელდა. კერძოდ, როგორც მერმა აღნიშნა, 24 საბავშვო ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორებიცაა ინტერიერის რემონტი, ფასადების განახლება და ეზოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

„სამუშაოები რიგ შემთხვევებში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ასევე იმ ბაღებში, სადაც დაწყებულია ან დაგეგმილია ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ეს პროცესი 2030 წლამდე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები