„დაურ ბუავა განსაკუთრებით კეთილშობილი აფხაზი ახალგაზრდა იყო და ასეთებს უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ და მისი სიკვდილი ტრაგედიაა. მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა ძალიან დიდი ოცნება და ეს დასაფასებელია. თუმცა დაური პატარა უმცირესობას წარმოადგენს აფხაზთა შორის.
აბა თვითონ დაუფიქრდით ფაქტს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. ამათგან 45 ათასი შესახლებულია ძირითადად ქართველებისგან და ასევე ბერძნებისგან, ესტონელებისგან, ებრაელებისგან წართმეულ სახლებში. ისინი არიან დანაშაულის მონაწილე და თქვენ მოელით, რომ ყაჩაღს, რომელმაც სახლი წაგვართვა, თქვენ უნდა უყვარდეთ?
ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან გასაყრელია და თუ და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, უმეტესად გუდაუთაში და აღიარებენ ქართულ სახელმწიფოს, მაშინ რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. აფხაზებს აფხაზეთიდან არავინ ასახლებს და არც გეტოში უპირებს ჩაკეტვას. უბრალოდ უნდა შეეჩვიონ აზრს, რომ იქ დაბრუნდება დემოკრატიული ქართული სახელმწიფო, ქართველებთან ერთად და აფხაზეთის ტერიტორიაზე ისევ უმცირესობაში აღმოჩნდებიან, რითაც აღდგება სამართლიანობა, რა თქმა უნდა უმცირესობის დაცვის ყველა გარანტიით“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

