რომან გოცირიძე: გიორგი ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სადღაც თხუტმეთეულში იმყოფება. ეს ბიტკოინები რომ შერჩენოდა, უპირობოდ ნომერ მეორე იქნებოდა

„„ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ამერიკაში თავისი ვილა, 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მოდით, ეს ინფორმაცია ივანიშვილთან მორიგებით დასრულებული დავისა და ქვეყანაში მიმდინარე დაჭერების კონტექსტში შევაფასოთ.

როგორც ბაჩიაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა განაცხადა, მისი ყოფილი კლიენტის ადგილსამყოფელი საიდუმლოა. რატომ არის ეს საიდუმლო, გაუგებარია. როგორც ჩანს, ივანიშვილმა პირადი ტყვე გაათავისუფლა და ის ახლა უცხოეთში იმყოფება. ქონების გაყიდვა და ამ თანხის მის ანგარიშებზე აკუმულირება იმაზე მიუთითებს, რომ ის ივანიშვილისგან საფრთხეს არ ელოდება. რა აძლევს მას ამის გარანტიას, უცნობია. ან რა აძლევს ივანიშვილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, ესეც უცნობია.

ბაჩიაშვილის მიმართ არაერთი მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მათ შორის-მისი დუბაიდან გატაცება. მას სურს თუ არა, ამ საქმეზე სასამართლოში ბევრი რამის მოყოლა მოუწევს.

მოდით, ახლა განვიხილოთ, რა მოცულობის სადავო თანხაზე იყო საუბარი და როგორ წარმოიქმნა საზღვარგარეთ ის ქონება, რომლის ერთი ნაწილის რეალიზაციის შესახებაც ახლა შევიტყვეთ.

სასამართლო განხილვებიდან ირკვევა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ფლობდა დაახლოებით 9 000 ბიტკოინს. მათი ღირებულება პიკზე 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღევანდელი მდგომარეობით კი დაახლოებით 700 მილიონ დოლარს უტოლდება. ბაჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილი მისგან ამ ბიტკოინების ნახევარს ითხოვდა. ვინაიდან მოლაპარაკება ვერ შედგა, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გაიქცა.

2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს დაახლოებით 9 000 ბიტკოინის დაბრუნება დააკისრა. რამდენი ბიტკოინი გადასცა მან საბოლოოდ ივანიშვილს, უცნობია. თუ გავითვალისწინებთ პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ეს რაოდენობა ნახევარზე ბევრად მეტი იყო.

თუ მან ამ კრიპტოვალუტის რაოდენობის მხოლოდ 20 პროცენტი მაინც მიიღო, მისი ქონება მხოლოდ ამ აქტივიდან, დღევანდელი ღირებულებით, 140 მილიონ დოლარს აღემატება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მას უფრო მეტი დარჩა, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონებაც.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სადღაც თხუტმეთეულში იმყოფება. ეს ბიტკოინები რომ შერჩენოდა, უპირობოდ ნომერ მეორე იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა არც მისი ქონების სიდიდე გვაინტერესებს და არც მისი წარმომავლობის წყაროები. ამ ისტორიის განხილვისას, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან (დაჭერებთან) კონტექსტში, ადვილად მივხვდებით, რა ტიპის მაფიოზური სისტემა ყალიბდება ქვეყანაში“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები