2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.
„მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

