რომან გოცირიძე: თუ დააკვირდებით, კატა სანამ წყალს დალევს, თათებს ჩაყოფს და ფრთხილად ამოწმებს. ეს, ალბათ, გენეტიკური კოდია – როცა ადამიანებთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრობდა, ბევრჯერ დათუთქულა მდუღარე წყალში, ასეა პუტინიც…

„რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ცნობილი რუსი ეკონომისტი, გვარად კლეპაჩი. მან მოსკოვის ბირჟის დახურულ კლუბში კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. მსგავსი შეხედულებები გავრცელებულია აკადემიურ წრეებში და რუსეთის ხელისუფლებას არასაჯარო დისკუსია ჯერჯერობით არ აუკრძალავს. მაშინ რატომ მოხსნეს ეს კაცი? იმიტომ, რომ ვიღაცამ ჩაიწერა მისი გამოსვლის თეზისები, რომლებიც ამ დღეებში ნიდერლანდურ გამოცემა „მოსკოვ თაიმსში“ გამოქვეყნდა.

რა იდეების მატარებელია ეს კლეპაჩი? იგი არის „პატრიოტი“ ეკონომისტი, პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი, „იაფი ფულის“ პოლიტიკის მიმდევარი და რუსეთის ცენტრალური ბანკის კრიტიკოსი. მას მიაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ინფლაცია 4 პროცენტი იქნება თუ 6-აუცილებელია ეკონომიკის სტიმულირება. ამისთვის ცენტრალურმა ბანკმა იაფი ფული უნდა მიაწოდოს კომერციულ ბანკებს (ანუ ბიზნესს) და შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი. მისი ეს შეხედულება ემთხვევა რუსი დეპუტატების, „ძალოვნების“ (სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი), მრეწველ-ოლიგარქებისა და კერძო საფინანსო სექტორის სურვილებს. წინმსწრებად ვიტყვი: მარტივი გასაგებია, თუ რა მოჰყვა მსგავსი იდეების ხორცშესხმას თურქეთში, როდესაც წინასაარჩევნოდ ერდოღანმა ცენტრალურ ბანკს იაფი ფულის დარიგების გადაწყვეტილება მიაღებინა.

რამ შეუნარჩუნა რუსეთს ჯერჯერობით ფინანსური სტაბილურობა უმკაცრესი სანქციებისა და სავალუტო რეზერვების გაყინვის შემდეგ? სამმა ფაქტორმა: პუტინმა, ნაბიულინამ და ნავთობმა.

თუ დააკვირდებით, კატა სანამ წყალს დალევს, თათებს ჩაყოფს და ფრთხილად ამოწმებს. ეს, ალბათ, გენეტიკური კოდია – როცა ადამიანებთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრობდა, ბევრჯერ დათუთქულა მდუღარე წყალში. ასეა პუტინიც: მას მწარედ ახსოვს და არასდროს დაავიწყდება 90-იანი წლების ჰიპერინფლაცია და ცარიელი თაროები. მთელი პარლამენტი, ძალოვნები და ოლიგარქია ნაბიულინას გადაყენებას ან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კორექტირებას ითხოვენ. პუტინს წამითაც არ უფიქრია ამ ნაბიჯის გადადგმა. ამ საკითხში მასზე არგუმენტები არ მოქმედებს – გენეტიკური კოდი ერთვება: შიში, სიფრთხილე, ბუნტი, სიზმარში ალბათ სახრჩობელა.

ნაბიულინა დღეს ყველაზე დიდი სტაბილიზატორია და არა ვიღაც „პატრიოტი“ Z-ეკონომისტები. ნაბიულინას გაგდებას ყოველდღე ველოდები, მაგრამ ეს არ ხდება. ჭორები არასდროს მართლდება.

ეს ისტორია ჩვენთვისაც ყურადსაღებია“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები