„არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ ანუ დღესაც მეგობრად მიმაჩნია. არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც მას დავტოვებ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს და კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა „დასმენების“ კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყანის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!“ – წერს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც თან ურთავს მისთვის „ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაგზავნილ“ წერილს. მისი თქმით, სხვა გზა არ დაუტოვეს, რომ წინ არ აღუდგეს ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას, დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!
„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში და თან ურთავს წერილს, რომელიც, მისი თქმით, დაპატიმრებამდე, მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს.
„დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლის სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:
1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.
2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, მას „ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს“.




