„რა გავიგეთ ღარიბაშვილის მომართვიდან (თუ ეს წერილი ნამდვილია):
მოძალადის მიმართ მსხვერპლის მონური მორჩილება საზიზღრობაა და ვერაფერს ვერათუ ვერ შველის, პირიქით, უარესს შვრება.
ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილთან ვაჭრობა, კიდევ მეტს მოგისჯი, თუ პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლის გარანტიებს არ მომცემო, იმას ადასტურებს, რომ მისი დაჭერის მოტივი არა კორუფციონერის დასჯა ან ზოგადად კორუფციასთან ბრძოლაა, არა რაიმე საჯარო თუ სახელმწიფო ინტერესია, არამედ ბიძინას პირადი პოლიტიკური ინტერესი, მოიცილოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე (როგორც ის თვლის). და კი, ასეთ შემთხვევებში დაჭერილი პოლიტპატიმრად ფასდება საერთაშორისო სტანდარტებით, გინდა ღარიბაშვილი იყოს გვარად და გინდა ჯონ სმიტი, გინდა ჩადენილი ქონდეს დანაშაული და გინდა არა).
როგორც ჩანს, რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. თანაც, უკვე თავის შავრაზმელ ქოცებშიც, რახან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს.
ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის „დაუმარხავი მიცვალებულია”, არავის რომ არ უნდა, ყველა რომ მის მოშორებას ცდილობს და დაჭერილი ღარიბაშვილიც კი რომ ჯობნის ქოცების გულებში. ამიტომაც, მალე „დამარხავენ“.
როგორც ჩანს, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ბოლო 1 კვირაა ცირკულირებს: ღარიბაშვილის ცოლის ძმის, მისი სიმამრის და მამამისის (ანუ ღარიბაშვილის სიმამრის) სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს, ქონებების აღწერის და დაუსრულებელი დაკითხვების თანხლებით. ასევე გავრცელდა ტრაგიკული ამბავი, თითქოს ლექსო თამაზაშვილის სიმამრმა ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და თვითმკვლელობა სცადა, რაც, რაკიღა აქამდე არ დადასტურდა, ალბათ და საბედნიეროდ ტყუილია.
ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო და იმედია იმ წყალს მოუყვება, რომლის პირასაც ყველანი ჩამოვჯდებით და დაველოდებით ქვეყნის მტრების „გვამების“ ჩამოცურებას.
ps იმედია, სანდო და უშიშარი ადვოკატი გამოინახება ციხიდან სიმართლის გამოსატანად. არ მგონია, ვინმემ უარი უთხრას პატიმარს“, – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც თან ურთავს მისთვის „ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაგზავნილ“ წერილს. მისი თქმით, სხვა გზა არ დაუტოვეს, რომ წინ არ აღუდგეს ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას, დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!
„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში და თან ურთავს წერილს, რომელიც, მისი თქმით, დაპატიმრებამდე, მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს.
„დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლის სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:
1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.
2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, მას „ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს“.



