რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ იმ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.
„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს – კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.
„რეზოლუციაში სააკაშვილის რეჟიმი არ წერია სამწუხაროდ, ქართული მხარე წერია, მაგრამ მე სხვანაირად ვციტირებ – მანამდე ეს წერია, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს – კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ეს წერია სიტყვასიტყვით ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერეს. მერე სხვა სიტყვებიც წერია, საუბარია იქ რუსეთის პასუხზე. ცხინვალის დაბომბვას მოჰყვა რუსეთის პასუხი და ამას ხელი მოაწერეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

