ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ანწუხელიძე არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა.
„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის. მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა. სამარცხვინო სიტყვები თქვა, მან თქვა, რომ სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ. დროშაზე იყო საუბარი და სააკაშვილმა, ამ სამარცხვინო ბინძურმა უცხოელმა აგენტმა თავის თავზე მიიწერა. ანწუხელიძე, რა თქმა უნდა, არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა. რატომ გინდათ, რომ ანწუხელიძის გმირობა გამოიყენოთ თქვენი პარტიის ლიდერის ჩადენილი ღალატის გადასაფარად. ვერ გადაფარავთ, იმიტომ, რომ ანწუხელიძის გმირობა არის გმირობა საკუთარი სამშობლოსთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აგვისტოს ომის გმირების პატრიოტიზმი არის სამაგალითო.
„18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათი მაგალითი უნდა იყოს განმსაზღვრელი თაობებისთვის, მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო და რა თქმა უნდა, ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათი ოცნების ასახდენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

