GUARDIANGE – საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა სამივეზე თავდასხმად ჩაითვლება.
შეთანხმების შესახებ საუდის არაბეთის ქალაქ მექაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შორის შეხვედრაზე გამოცხადდა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა 28 თებერვალს ირანზე თავდასხმა განახორციელეს, თეირანმა და მისმა მოკავშირეებმა საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებში სამიზნეები დაბომბეს და ჰორმუზის სრუტეში, ნავთობის გადაზიდვების მთავარ არხსა და წითელ ზღვაში მოძრაობა შეაფერხეს.
მექაში მიღწეულმა შეთანხმებამ თეირანის მწვავე რეაქცია გამოიწვია, სადაც პარლამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეს საუდის არაბეთს არ დაეხმარება.
„საუდის არაბეთმა უნდა იცოდეს, რომ თურქეთთან და პაკისტანთან ქაღალდის შეთანხმება მათ უსაფრთხოებას არ მოუტანს, ისევე როგორც ამერიკელების ცალმხრივად დამცირებამ წლების განმავლობაში უსაფრთხოება არ მოუტანა“, – დაწერა X-ზე ეროვნული უსაფრთხოების კომისიის წევრმა, ებრაჰიმ რეზაიმ.
საუდის არაბეთმა და პაკისტანმა გასულ წელს უკვე გამოაცხადეს ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების შესახებ.
როგორც BBC წერს, მექას ახალი ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მუსლიმურ ქვეყანას შორის ურთიერთდაცვითი გარანტიების შესთავაზების საშუალებას იძლევა.
„მისი მიზანია გააძლიეროს კოლექტიური შეკავების მექანიზმები აგრესიის ნებისმიერი აქტის წინააღმდეგ და ითვალისწინებს, რომ სამი სახელმწიფოდან რომელიმეს წინააღმდეგ ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება ყველა მათგანის წინააღმდეგ თავდასხმად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
„ეს ასევე ითვალისწინებს სამ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყველა ასპექტის გაძლიერებას.“
მიუხედავად იმისა, რომ პაქტი ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს, ის არ იძლევა კონკრეტული ინფორმაციის მოწოდების საშუალებას თითოეული მხარის ვალდებულებების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, თურქმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პაქტი „მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა“.
პაკისტანს, საუდის არაბეთსა და თურქეთს განსხვავებული მიზნები აქვთ და თითოეულ მათგანს განსხვავებული რამ სურს.
საუდის არაბეთისთვის ეს უსაფრთხოების დამატებით დონეს ქმნის რეგიონში, რომლის უსაფრთხოების არქიტექტურაც აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომის შედეგად შეირყა.
გასულ თვეში, იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, საუდის არაბეთის წინააღმდეგ „საზღვაო ემბარგო“ გამოაცხადეს და წითელ ზღვაში საუდის არაბეთის აეროპორტები, ნავთობის ობიექტები და ტანკერები დაბომბეს.
გარდა ამისა, საუდის არაბეთს კარგად ახსოვს გასულ წელს დოჰაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები, რომლის სამიზნეც „ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის გასული წლის ანგარიშის თანახმად, „სპარსეთის ყურის მასშტაბით სახელმწიფოებმა თავიანთი თავდაცვის სტრატეგიები ხელახლა შეიმუშავეს“. სამი სახელმწიფოს მიერ დადებული თავდაცვის ახალი ერთობლივი პაქტი საუდის არაბეთის ერთ-ერთი პასუხია.
პაკისტანს ეს პაქტი განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთშემავსებელ სარგებელს სთავაზობს. 2025 წლის მაისში, ინდოეთთან ხანგრძლივი დაძაბულობა ღია კონფლიქტში გადაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური ომი თავიდან იქნა აცილებული, საუდის არაბეთის ეკონომიკური ძალისა და თურქეთის სამხედრო და სამრეწველო ძალის მათ მხარეს ყოფნა სულ უფრო ღირებულად ჩაითვლება.
ეს ასევე იმ დროს ხდება, როდესაც პაკისტანი გლობალურ დიპლომატიაში გაცილებით მნიშვნელოვან როლს კისრულობს.
ისლამაბადი ირანსა და აშშ-ს შორის შუამავლის როლს ასრულებდა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს მასპინძლობდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი სტატუსი რეგიონში – რასაც ეს პაქტი კიდევ უფრო ამყარებს.
რაც შეეხება თურქეთს, სარგებელი განსხვავებულია. ლონდონში დაფუძნებული სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის (Rusi) წარმომადგენლის, ბურჯუ ოზჩელიკის თქმით, შეთანხმება ქვეყნის მნიშვნელოვან თავდაცვის ინდუსტრიებს „ერთობლივი წარმოების, ტექნოლოგიური პარტნიორობის, შესყიდვებისა და სამხედრო ურთიერთთავსებადობის გაზრდის“ შესაძლებლობებს სთავაზობს.
როგორც BBC შენიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ურთიერთდაცვის შეთანხმების კონცეფცია მარტივი ჩანს, პრაქტიკაში, ის გარემოებები, რომლებშიც ეს ხელშეკრულება ამოქმედდება, როგორც კომპლექსური, ასევე გაურკვეველია.
მაგალითად, ვალდებული იქნება თუ არა თურქეთი იემენზე დარტყმებს შეუერთდეს, თუ საუდის არაბეთი „ჰუსიტებთან“ სრულმასშტაბიან ომს განაახლებს?
მოუწევდა თუ არა საუდის არაბეთს ინდოეთისთვის ომის გამოცხადება, თუ პაკისტანთან კონფლიქტი ხელახლა წარმოიშობოდა?
თითოეული შემთხვევა რთულ გათვლებს და ფრთხილ დიპლომატიას მოითხოვს, ხშირად იმის მცდელობით, რომ ესკალაცია თავიდან იყოს აცილებული. მოკლედ, ეს გაურკვეველია.
თუმცა, ურთიერთდაცვითი შეთანხმების ერთადერთი შედეგი, რომელზეც ჩართული მხარეები იმედს დაამყარებენ, შეკავების ძალაა.
ის ფაქტი, რომ თითოეულ მათგანს ახლა ორი სხვა რეგიონული ძალა უჭერს მხარს, შესაძლოა, აგრესია შეუძლებელი არ გახადოს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზრდის მის პოტენციურ ფასს.


