მიხეილ სააკაშვილი: აღარ არიან ანწუხელიძე და შინდისის გმირები, აღარ ვიქნები მე და წავლენ დღევანდელი თაობები, მაგრამ დარჩება და მრავალი სახეცვლილებით მაინც იარსებებს მარადიული საქართველოს იდეა

„რაზე სკდებიან ბოღმით „ქოცები“ და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით?

მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ. საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მივატოვე ჩემი ხალხი განსაცდელში, პირიქით სრულიად საქართველო და მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დავაყენე და საქართველო გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელეთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები.

ისინი დღემდე სასტიკად გაბრაზებულები არიან და პიარის პერსონას უწოდებენ ჩვენს ალვანელ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, იმისთვის რომ თავი არ დახარა, დამპყრობლის ჩექმებს არ აკოცა, უმაღლეს მთავარსარდალს არ შეაგინა და უყოყმანოდ გაწირა სიცოცხლე საქართველოსთვის. „ქოცს“, რომელიც საკუთარი ნებით დახოხავს დამპყრობლის წინაშე, ისტერიულად ეშინია ასეთი გაუტეხელი ადამიანების, ამიტომაც ებრძვიან გიორგის ხსოვნას.

მათ ვერ უპატიებიათ ქართული ჯარისთვის, რომ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში მოგვაგებინა რამდენიმე დღე, სანამ მსოფლიო ჩაერეოდა, ამიტომაც ლამობენ ქართული ჯარის დასაჭურისებას, საბრძოლო სულისკვეთების ჩაკვლას, ამიტომაც მოკლეს ქართული სამხედრო წარმოება და ბოლოს, მათ ვერ უპატიებიათ ქართველი ერისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შევიკარით, ჩვენი განსხვავებები გვერდზე გადავდეთ და ასე ერთიანი წარვდექით მტრის და მსოფლიოს წინაშე.

სწორედ ამიტომ, 14 წელია უმოწყალოდ შურს იძიებენ ქართველებზე, თავისუფლებას ართმევენ, ამცირებენ, ავიწროებენ, ქვეყნიდან ყრიან და მათ ნაცვლად რუსებს და სხვებს ასახლებენ, მთელ მსოფლიოში სახელს უტეხენ. ერთი უღირსი მოღალატის პირად მონობაში და საკუთრებაში გაყიდეს მთელი ქვეყანა.

მაგრამ რამდენი ასწლეულიც არ უნდა გავიდეს, მომავალი თაობების ქართველებს ემახსოვრებათ, რომ ღირსება და თავისუფლება დავიცავით, დაუნდობელ იმპერიას ხელი შევუბრუნეთ, მსოფლიო დავარწმუნეთ, რომ ღირსი ვიყავით მხარდაჭერის და საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო რეფორმები განვახორციელეთ, რომ უმძიმესი დარტყმის შემდეგ ისევ დავდექით ფეხზე და გავაგრძელეთ სწრაფი განვითარება და ძალიან წარმატებული საქართველოს პრეცედენტი შევქმენით.

აღარ არიან ანწუხელიძე და შინდისის გმირები, აღარ ვიქნები მე და წავლენ დღევანდელი თაობები, მაგრამ დარჩება და მრავალი სახეცვლილებით მაინც იარსებებს მარადიული საქართველოს იდეა, წარმოუდგენლად მამაცის, ნიჭიერის და მაშინაც კი, როცა აღარავინ არ ელის ამას, ყოველ ჯერზე ფეხზე წამომდგომი და სრულიად უიმედო სიტუაციებიდან გამარჯვებულად გამომსვლელის.

დიდება გმირებს! დიდება მარადიულ საქართველოს!“ – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები