სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს წარმატებით ოპერირებს 30-მდე კომპანია სინგაპურიდან.
„დაახლოებით 30-მდე კომპანიაა სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გავუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა“,- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.
„ვასრულებთ ვიზიტს სინგაპურში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე, გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები. დაახლოებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოდან. გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის არის განათლების, ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორნების გატარების დროს. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

