თინა ბოკუჩავა: საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებაზე, სამართლებრივად ეს ვერ მოხდება

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში კანონი არ კანონობს და რეპრესიული ინსტრუმენტია, არსებობს კანონი „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. ჩვენ არ უნდა მივცეთ რეჟიმს ფორმალური საბაბი, დაიწყონ მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მიმართულებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიხედვით, აუცილებელია, ნებისმიერი ცვლილებები აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: პარტიას ჰყავდეს ხელმძღვანელი პირი; პოლიტსაბჭო და ე.წ. სარევიზიო კომისია.

„მე გავაგრძელებ თავმჯდომარის მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებას, ვიდრე ახალი პარტიული ყრილობა არ აირჩევს ახალ ხელმძღვანელ პირს. ახლა საუბარია, რომ თავმჯდომარის პოსტი უნდა გაუქმდეს. ფორმალურად, სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება. არსებობს კანონი „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. ჩვენ არ უნდა მივცეთ რეჟიმს ფორმალური საბაბი, რომ დაიწყონ მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მიმართულებით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, სააკაშვილის განცხადებაში, რომ უნდა შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, თქვენ ამოიკითხეთ თავმჯდომარის პოსტის გაუქმება, თინა ბოკუჩავა პასუხობს: „დიახ, საუბარი იყო იმაზე, რომ არცერთი პოზიცია აღარ უნდა დარჩეს, გარდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციისა, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ტყვეობაში“.

„ლევან ხაბეიშვილმა ბევრი უსამართლობა იწვნია პარტიაში, რაზეც არც მე და არც ლევანს საჯაროდ არ გვისაუბრია, თუმცა შეიძლება, ამის დროც მოვიდეს. სწორია, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ უნდა დარჩეს ლევან ხაბეიშვილი. შესაბამისად, თუ ის იქნება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, უნდა არსებობდეს ასევე პოლიტიკური საბჭოც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საკუთარ თავს რეფორმების საბჭოში ვერ ხედავს.

„მე ვრჩები პარტიაში, სავარაუდოდ, არ დავაყენებ თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარ თავს. პრეზიდენტ სააკაშვილს პარტიაში თუ რაღაცის ფორმაცია სურს, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში და ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, არ გვდევნიდნენ თავისუფალი სიტყვისთვის და აზრისთვის. სავარაუდოდ, რეფორმების საბჭოშიც ვერ ვხედავ საკუთარ თავს. რადგან ის პარტიისგან გვერდზე მდგომი ორგანო იქნება, უფრო სწორი იქნება, ის დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები