საქართველოს დიპლომატიის აკადემიის რექტორად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობებს.

2022 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 8 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს დიპლომატიის აკადემია, რომელიც მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის და უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.

„მინდა, პირველ რიგში აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას. საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.

თქვენ იცით, რომ წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით, ეს არის მაგალითად საქართველოს თავდაცვის აკადემია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე შეიქმნა, მოგეხსენებათ, უსაფრთხოების აკადემია და ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემიაც, თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით, წარმატებით უზრუნველყოფს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და მთლიანად სამინისტროს დახვეწილი კონცეფციის მომზადებისთვის. მომავალი წლის სექტემბრიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები