„უკრაინის ომში, სამხედროზე მეტად, ხდება ფსიქოლოგიური გარდატეხა, რომ უკრაინა ამ ომს იგებს. სულ ცოტა ის, რომ რუსეთის მხრიდან ომის მოგება გამორიცხულია.
ეს განცდა უკრაინაში პირველივე დღიდან არის, მაგრამ ახლა ევროპაში და რუსეთშიც დაიწყო დომინირება. ნაგავსაყრელად ქცეული ყირიმი და რუსეთში უსაშველო ბენზინის რიგები ამ განცდის გაძლიერებას მხოლოდ ეხმარება.
აი ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე სოფლის ან პატარა ქალაქის აღება. ომში წააგებს ის, ვინც მორალურად და მატერიალურად ჩამოიშლება. ჰოდა ამ მიმართულებით კაი გვარიანი ნაბიჯები გადადგა უკრაინამ.
იგრძნო ეს პუტინმა და პირადად გააქტიურდა ფატალური აღქმების შესატრიალებლად. ყველა მეთოდს იყენებს. სამხედრო ფორმაში გამოეწყო, აქტიურად დაიწყო სატელევიზიო საუბარი საზოგადოებასთან, აღიარეს რომ ეს ომია და არა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, იტყუება რომ კონსტანტინოვკა აიღეს და ასევე იტყუება, რომ რუსეთმა წელს 3000კვკმ დაიკავა, როცა ეს მაჩვენებელი რეალურად 600კვკმ არის. გაჭირვებულ რუსთა თვალსასეიროდ ჯერ არნახული რაოდენობის რაკეტები ესროლა კიევში საცხოვრებელ კორპუსებს, რომ აი ნახე რა დღეში ვაგდებ ამათ, რას ქვია ვაგებო.
ეს პროცესი საკუთარ ფბ კედელზე ვიგრძენი და შეიძლება თქვენც იგრძენით. აქამდე რომ არასდროს ყოფილა, მასობრივად მიგდებს რუსი პროპაგანდისტი ბლოგერების ოპტიმისტურ პოსტებს; ქართულენოვანი (ან ეთნიკურად ქართველი) რუსების პოსტი მხვდება ყოველი მეორე. აი როგორ დაიკავეს მთელი ლუჰანსკის ოლქი და როგორ ძალით მიათრევენ საბრძოლველად უკრაინელებს ფაშისტები…
ერთი პოსტი შემხვდა: რუსეთში ბენზინი 80 რუბლი ღირს, ხოლო უკრაინაში 120 რუბლი, რა გაწუწუნებთო, შეაგონებდა მრავალფოლოუერიანი პროპაგანდისტი უკმაყოფილო რუსებს.
რუსეთში ბენზინი შეიძლება ერთი რუბლიც ღირდეს, მაგრამ არ არის ბენზინი და რაც არ არის იმას რა ფასიც გინდა დაადე, ანუ იაფი ღირს ბენზინი, რომელიც არ არის.
მარა რა არის იცით? ომი რომ დაიწყო უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, 24-დან 27 თებერვლამდე უკრაინაში ვიყავი. ლუჰანსკის ოლქიდან მოლდოვამდე მანქანით გადავიარე მთელი ქვეყანა. იქაც 20 ლიტრიანი ლიმიტი იყო დაწესებული, მარა მე არც ერთ ბენზინგასამართ სადგურზე რიგი და პანიკა არ მინახავს. რა ჯანდაბა ხდება ასეთი ახლა რუსეთში?
ეს ყველაფერი ძალიან კარგია. რეჟიმის კოვნულსიებია. ჯერ სად ხართ…“ – წერს ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

