საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.
ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არამხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება და ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, – უთხრა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს, გაფართოებული მოლაპარაკებების დროს.
მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის მხარეს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
„მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირადად თქვენი მხარდაჭერის შედეგია. ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით.  ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.
გულწრფელ მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ინსტიტუტები, სახელმწიფო სისტემა და ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით.
თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და დარწმუნებული ვართ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება,“- აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის – მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი, – ამის შესახებ შავკატ მირზიოევმა ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივის მოლაპარაკებების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ მეგობრებს თბილი  მიღებისთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით უზბეკი ხალხისა და ჩემი სახელით მაღალი რანგის სახელმწიფო  ორდენით – ოქროს საწმისით დაჯილდოებისთვის.  ქართულ-უზბეკური ურთიერთობების აყვანა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე დიდი მიღწევაა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის – მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი. დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა  თქვენი ხელმძღვანელობით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,“- აღნიშნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები