ასტანაში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს, რაც საქართველოსთან სტრატეგიულ კავშირებს აღრმავებს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ასტანაში მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ყაზახეთი და საქართველო შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის მეშვეობით ნავთობის გადაზიდვების გაზრდის გეგმებზე. ასევე, განიხილეს სოფლის მეურნეობის განვითარების, ინვესტიციების გაფართოებისა და ციფრული მომსახურების სფეროებში თანამშრომლობა.
„ევრონიუსი“ წერს, რომ ყაზახეთის მხრიდან აღნიშნული განცხადება გაკეთდა იმ დროს, როდესაც ოფიციალური ასტანა აგრძელებს ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) მეშვეობით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შუა დერეფანი.
გამოცემის ცნობით, მარშრუტზე ტრანზიტის მოცულობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ყაზახეთი ვარაუდობს, რომ 2029 წლისთვის ყოველწლიურად 3 000-მდე კონტეინერმზიდი მატარებელი იმოძრავებს კორიდორში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს.
სტატიის მიხედვით, ასტანა ასევე გეგმავს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს შავი ზღვის პორტებში.
„ყაზახეთის „ყაზტრანსოილის“ საკუთრებაში არსებული ბათუმის ნავთობტერმინალის პარალელურად, ქვეყანა ფოთში ახორციელებს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებას, სადაც გასულ წელს ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთ პერსპექტიულ პროექტად ასევე დაასახელეს ანაკლიის მომავალი ღრმაწყლოვანი პორტი“, – წერს „ევრონიუსი“.

