საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის გენერალურ დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ რემიგიუს ბალტრენასს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გამახვილდა მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე (SNGP), რომლის წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განხორციელებული წარმატებული პროექტები, მათ შორის, აღინიშნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც გენერალ-ლეიტენანტმა რემიგიუს ბალტრენასმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულა.
შეხვედრების ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტ რემიგიუს ბალტრენასის მხრიდან აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ძლიერი პარტნიორის მიერ ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილი.
გენერალმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითად ჯგუფთან, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

