ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი.
„რაც შეეხება უშუალოდ სამთავრობო პროგრამის ანგარიშს, ტრადიციულად დავიწყებ საუბრით ეკონომიკის შესახებ და პირველ რიგში, მინდა, წარმოგიდგინოთ ციფრები, ციფრები არის ის, რაც არ უყვართ ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ სჭირდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის როდესაც ფეხბურთს თამაშობ, პასებში ჰქონდა ხარვეზები და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1 ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს.
მე შემიძლია გითხრათ, რა ანგარიშით დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის სუბიექტურად, არამედ რა ანგარიშით დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული ერთი წლის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები როგორც 5 წლის ჭრილში, ასევე გასული წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38,1, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარში უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საშუალო ზრდა გასული 5 წლის განმავლობაში შეადგენდა 9,3 პროცენტს.
„რომ ავიღოთ იანვარ-აპრილის მონაცემები, ზრდამ შეადგინა წელს უკვე 8,2 პროცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე.
„ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად, ევროპის მასშტაბით. ეს პროგნოზი ეფუძნება კონკრეტულ მაჩვენებლებს, იმ ტენდენციებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული ხუთი წლის განმავლობაში. ხშირად ისმება კითხვა, რამდენად აისახება მოსახლეობაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია გადახდილი საშემოსავლო გადასახადები. საშემოსავლო გადასახადს იხდის დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, დაქირავებით დასაქმებული თითქმის ყველა პირი. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მლრდ ლარზე მეტს. როდესაც იგივე მაჩვენებელი 2020 წელს იყო 13, 3 მლრდ. 13, 3 მლრდ-დან მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა და გადასცდა 33 მილიარდს, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო 7,1 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

