ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდი 30-დან 90 დღემდე გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდი 30-დან 90 დღემდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აზერ ფარაჯოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის რკინიგზაში ბილეთების გაყიდვა ხორციელდება როგორც ონლაინ, ასევე რკინიგზის ბილეთების სალაროებში.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მაღალი მოთხოვნის გამო, ბილეთები გაყიდვის დაწყებიდან მოკლე დროში იყიდება: „ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მგზავრებს, რეგულარულად შეამოწმონ ბილეთები მგზავრობის თარიღისთვის“.

მგზავრთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 11 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მატარებლებს დაემატა დამატებითი ვაგონი და შესაბამისად, ახალი ბილეთები გაყიდვაში გამოვიდა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას, როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ და საქართველოდან აზერბაიჯანისკენ ფრენებზე ბილეთების დიდი უმრავლესობა, ასევე ყველა დამატებით გაყიდვაში გამოტანილი ბილეთი, მოკლე დროში გაიყიდა.

მოქმედი წესების თანახმად, აზერბაიჯანიდან სახმელეთო გადაადგილებაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, აზერბაიჯანში შესვლა დაშვებულია მხოლოდ თვითმფრინავით და მატარებლით, რაც საქართველოდან აზერბაიჯანში მატარებლის რეისების ბილეთებზე მასობრივ მოთხოვნას იწვევს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები