ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიაში სარწყავი არხის მოსაწყობად 800 500 ლარი დაიხარჯება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან ერთად, სოფელ მერენიაში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარწყავი წყლით გამართულად უზრუნველყოფისა და გაზაფხულზე თოვლის დნობის, უხვი ნალექისა და ინტენსიური წვიმის დროს დაგროვილი წყლის დიდი ნაკადის მიერ სახნავ-სათესი მიწების დატბორვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ძირითადი სარწყავი არხების გაწმენდის სამუშაოები ტარდება.

მუნიციპალიტეტის სოფლების – ბარალეთის, მერენიის, იხტილასა და ზაკვის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ექსკავატორით იწმინდება და ფართოვდება გამანაწილებელი არხები, არხის მთხრელი მექანიზმით კი საჭირო ადგილებში ახალი არხებიც გაიჭრა.

სადღეისოდ, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია სახნავ-სათესი ფართობების 90%, რომელთა მორწყვაც გასულ წლებში ვერ ხერხდებოდა.

წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, ახალქალაქის მერია სოფლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახორციელებს, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების რეგულარულად მორწყვას შესაძლებელს გახდის.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 800 500 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები