ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, ეს რეზოლუციები არავის აინტერესებს, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა თავი, ასეა ეს ინსტიტუტიც

ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება“.

„ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები. სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო.

არასამთავრობო სექტორი უკვე გაუგებარი ტერმინია, არასამთავრობო სექტორი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის სამთავრობო სექტორი და ასეთია 3.5 მლნ ადამიანი დაახლოებით საქართველოში. საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, რაზეც საუბარია რეზოლუციაში. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის რეალობა და დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არავის არ აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები.

„აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით, სიმბოლური კუთხით, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარი თავი. ევროპარლამენტიც ევროკავშირის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გადახედეთ, რა მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და თავად დარწმუნდებით ყველაფერში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები