საქართველოს პირველი არხი 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომრის შესრულებისას პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილის შეუძლოდ გახდომის შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება.
„საქართველოს პირველი არხისთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, განსაკუთრებით კი – ბავშვი. მაუწყებელს საბავშვო პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მსგავსი პროექტების ფარგლებში მოქმედებს უსაფრთხოების მკაფიო სტანდარტებითა და შესაბამისი რეაგირების პრაქტიკით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული და შემდგომ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული ვიდეომასალა არ წარმოადგენს საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასულ კადრებს. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია სტუდიაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის მიერ, რომელიც, სხვა მშობლებთან ერთად, ესწრებოდა გადაცემის პირდაპირ ეთერს.
პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც.
პირველ არხს ჰქონდა კომუნიკაცია როგორც არასრულწლოვნის მშობლებთან, ასევე „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენთვის არცერთი სატელევიზიო/რადიო ეთერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მაუწყებელი მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – წერია განცხადებაში.

