სომხეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, პარტია „აყვავებული სომხეთი“ საარჩევნო ბარიერს მიღმაა

GUARDIANGE –  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა, სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამჟამად, ყველა, 2005 საარჩევნო უბნის შედეგები შეჯამებულია, ამომრჩეველთა რაოდენობა 1 მილიონ 477 ათას 736 ადამიანს შეადგენს.

ვაჰაგნ ჰოვაკიმიანის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმის მიხედვით, ოთხი წამყვანი პოლიტიკური ძალის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ – 727,160 ხმა ანუ 49.825%.

ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ – 340 88 ხმა ანუ 23.281%.

ალიანსი „სომხეთი“ – 145,113 ხმა ანუ 9.934%.

პარტია „აყვავებული სომხეთი“  – 58,378 ხმა ანუ 3.996%.

ჰოვაკიმიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მონაცემები წინასწარია და წინ ჯერ კიდევ კორექტირებისა და გადათვლის ეტაპია, რომლის დროსაც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შედეგები ერთი ხმის სიზუსტით იყოს წარმოდგენილი.

ჰოვაკიმიანმა ასევე განმარტა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები არ მოიცავს ელექტრონული კენჭისყრის შედეგებს; უფრო მეტიც, ვებგვერდზე სისტემის მიერ შესრულებული პროცენტული გაანგარიშება დამრგვალებულია მეასედებამდე.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს სიტუაციასთან, როდესაც ერთი ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ბარიერთან ძალიან ახლოს მყოფი პოლიტიკური ძალისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს წინასწარი შედეგებია; ჩვენ კორექტირებისა და ხელახალი დათვლის პროცესში ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა მივიღოთ შედეგები, რომლებიც ერთი ხმის სიზუსტით იქნება წარმოდგენილი. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ მიერ მიღებული შედეგი უნდა ასახავდეს სომხეთის რესპუბლიკის ამომრჩევლების ნებას“, – აღნიშნა ჰოვაკიმიანმა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ ხმის მიცემის შედეგების სისტემის თანახმად, პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმების 4 პროცენტი მიიღო, რაც ბარიერის გადასალახი ზღვარია. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანის მიერ მოგვიანებით წარდგენილი მონაცემებით, „აყვავებულმა სომხეთმა“ ხმების 4 პროცენტი ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ის ბარიერს მიღმაა.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები